კობახიძის მოწოდების შემდეგ ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის მინიჭებული სტატუსი მოუხსნა
ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის სტატუსი მოუხსნა
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა.
ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილება “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღო.
“არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები, აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის.“ – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
1-ელ ოქტომბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
კობახიძე ასევე მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ TI და სამოქალაქო ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა” გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდა.
გუშინ PACE-მა (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: “ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” იძულებულია შეწყვიტოს საარჩევნო ოპერაცია.”