აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რუსეთია დასახელებული
თეთრი სახლის ვებგვერდზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლებული რედაქცია გამოქვეყნდა. დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.
მასში შეერთებული შტატებისთვის მთავარ საფრთხედ დასახელებულია რუსეთი და ჩინეთი – „საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა რეგიონის სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადყოფნა გამოავლინა“, – ნათქვამია დოკუმენტში – იუწყება „ეხო კავკაზა“.
სტრატეგიის ავტორთა აზრით, რუსეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობებისა და კრემლის მიერ ვითარების არაადეკვატურად შეფასების გამო, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მთავარი საშიშროება მოსკოვიდან მოდის.
ტრამპის ადმინისტრაციის აზრით, რუსეთის მზარდი ამბიციების გამო, „ევრაზიაში კონფლიქტის რისკი მატულობს“.
სტრატეგიაში ლაპარაკია რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, ინტერნეტში შეთხზული ექაუნტების შექმნისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ.
სტრატეგიის მიხედვით, რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარდა, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, ირანი და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები, – იუწყება „ამერიკის ხმა“.