აზერბაიჯანში რამაზანი კარანტინის წესების მიხედვით ჩატარდება
დაიწყო რამაზანი – აუცილებელი მუსლიმური მარხვის თვე, რომელსაც აზერბაიჯანში მორწმუნეები ასევე იცავენ.
ამ პერიოდში მართლმორწმუნე მუსლიმები მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე ჭამისგან, სმისგან და მოწევისგან თავს იკავებენ.
ის, რომ წელს რამაზანი COVID-19-ის პანდემიას და მასთან დაკავშირებით გამოცხადებულ საკარანტინო რეჟიმს დაემთხვა, მარხვის დაცვის წესებზეც აისახება.
მარხვის არსის შესახებ
რამაზანის თვეში ჭამა და სმა მხოლოდ გათენებამდე და სიბნელის დადგომის შემდეგ შეიძლება.

მარხვის მიზანია – სულის განწმენდა, საკუთარი რწმენის სიძლიერის დამტკიცება და ალაჰის მოწონების დამსახურება.
მარხვის დაცვა შეუძლიათ მამაკაცებსაც, ქალებსაც და გარკვეული ასაკის შემდეგ – ბავშვებსაც კი.
მარხვის თარიღები მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული და ყოველწლიურად რამდენიმე დღით წინ ინაცვლებს.
მარხვა იმავე სახელწოდების დღესასწაულით სრულდება. 1993 წლიდან აზერბაიჯანში ეს დღესასწაული სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნება.
- აღდგომა საქართველოში: პატრიარქმა თქვა, რომ „პანდემიის დროსაც კი სიკვდილსაც და სიცოცხლესაც უზენაესის ნება განაგებს“
- სომხეთში სააღდგომო წირვა პირველად ჩატარდა მორწმუნეების გარეშე
მარხვა კარანტინის დროს
რამაზანის დროს საღამოს საკვების მიღებას „იფტარი“ ეწოდება, და მისი დაწყება წყლითა და ფინიკით არის მიზანშეწონილი. ჩვეულებრივ, მარხვის დროს ბევრი რესტორანი სპეციალურ „იფტარ-მენიუს“ სთავაზობს. ასევე მიღებულია იფტარზე სტუმრების მიწვევაც. მაგრამ წელს რესტორნები დაკეტილია, ხოლო კავკასიის მუსლიმთა სამართველომ მორწმუნეებს მრავალრიცხოვანი სუფრებისგან თავშეკავებისა, და იფტარის ოჯახურ წრეში გამართვისკენ მოუწოდა.
მოცემული მომენტისთვის ასევე დკეტილია ყველა მეჩეთი. ასე რომ, მასობრივი ლოცვა თავისთავად შეუძლებელია.
იმის გათვალისწინებით, რომ მარხვა ორგანიზმისთვის ისედაც საკმაოდ სერიოზული გამოცდაა და შეიძლება იმუნიტეტი დაასუსტოს, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა კამათი – უნდა ემარხულათ თუ არა წელს საერთოდ ადამიანებს. თუმცა, სასულიერო ლიდერებს მარხვა არ „გაუუქმებიათ“, და ადამიანები მხოლოდ გააფრთხილეს, რომ ამავდროულად ჯანმრთელობის დავიწყებაც არ შეიძლება. თვით ყურანიც კი იმას ქადაგებს, რომ მარხვის დაცვა შეიძლება, თუკი ჯანმრთელობა საშუალებას გაძლევს, და ადამიანი თავს ვნებას არ აყენებს. ავადმყოფებსა და სუსტებს მარხვის დაცვა არ ევალებათ, ასევე არც – ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს. ძველ დროში მარხვისგან თავისუფლდებოდნენ კიდევ მოგზაურები, ახლა კი – ის მძღოლები, რომლებიც მთელ დღეს საჭესთან ატარებენ.
აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი 4 მაისს სრულდება.