პატრიარქი: სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია
ეპიდემიოლოგების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, რომ ხალხი ეკლესიაში არ წასულიყო, ეკლესიამ მთავრობასთან შეთანხმებით, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩაატარა. კანონდარღვევით ჩატარებულ წირვაზე კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს უთხრა, რომ ზიარების გარეშე ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს და პანდემიის დროსაც კი, ადამიანის სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია.
19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 86 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.
ეკლესია-მონასტრებში სასულიერო პირები მანქანებით, მორწმუნეები კი ფეხით მივიდნენ
საქმე იმაშია, რომ მთავრობის დადგენილებით, 17 აპრილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მსუბუქი მანქანებით გადაადგილება აიკრძალა. დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აკრძალვა “საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო” და შეზღუდვამ “სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია”. საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ სასულიერო პირებმა, მგალობლებმა და სტიქაროსნებმა მთავრობისგან მანქანებით გადაადგილების ნებართვა მიიღეს. მრევლისთვის ასეთი გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არავის დაუშვია.
მორწმუნეები ტაძრებში ფეხით, კომენდანტის საათის დაწყებამდე 21:00 საათამდე მივიდნენ. ბევრმა მათგანმა ამისთვის ათეულობით კილომეტრი გაირა.
“აღდგომა ქრისტიანისთვის უდიდეს დღესასწაულია და ვერ გამოვტოვებდი. მე ღმერთის მეშინია, ვირუსის – არა,” – ამბობს მარინა, რომელიც საკუთარ მოძღვართან ზიარებაზე რომ მისულიყო, თბილისის ერთ-ერთი გარეუბნიდან, ვარკეთილიდან, თბილისის ცენტრში, ვაკეში ფეხით წავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, წირვას სამების ეკლესიაში ასობით ადამიანი დაესწრო – აქ სააღდგომო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაატარა. კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მიმართა და ეპისტოლეში საგანგებოდ აღნიშნა, რომ უფლის ნების გარეშე “თმის ერთი ღერიც არ დავარდება” და რომ “სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია”.
ილია მეორემ მადლობა გადაუხადა უფალს იმისთვის, რომ “საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა”. მან ეპისტოლეში საგანგებოდ აღნიშნა ისიც, რომ “აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს” და რომ “ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია.”
კათოლიკოს-პატრიარქს ეპისტოლეში არ აღუნიშნავს, რომ კორონავირუსმა ეკლესიაშიც შეაღწია. covid -19 დაუდასტურდა თბილისში, ვერაზე მდებარე წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, თემქაზე მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს, ბოლნისის სიონის ტაძრის მოძღვარს და საპატრიარქოს საავადმყოფოს ერთ-ერთ თანამშრომელს. მიუხედავად ამისა, მრევლი წირვაზე დასასწრებად მაინც წავიდა.
მრევლი, რომელიც ეკლესია-მონასტრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდა, დილის 6 სთ-მდე იქ დარჩა. მორწმუნეთა ნაწილი კი ეკლესიებში კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, დილის 7 საათისთვის მივიდა.
პატრიარქის კისერზეა დღეს დავირუსებული ხალხის ცოდვა – წერენ ფეისბუკში
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს სააღდგომო ლიტურგიაზე გაცილებით ცოტა ხალხი მივიდა, ეკლესიების ნაწილმა მრევლის ნაკადის მართვა ვერ მოახერხა.
საპატრიარქოს წარმომადგენლები და მღვდელმსახურები საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ სააღდგომო ლიტურგიისას დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაცია: ტაძარში პირბადის გარეშე არავის უშვებდნენ და მრევლი ეკლესიის ეზოშიც და შიდა სივრცეშიც, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, სპეციალურად მონიშნულ ადგილას იდგა.
თუმცა, კადრებში, რომელიც ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა და სადაც ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში ლიტანიობაა აღბეჭდილი, კარგად ჩანს, რომ ამ დროს მორწმუნეთა შორის 2-მეტრიანი დისტანცია დაცული არ არის.
გარდა ამისა,სასულიერო პირების ნაწილმა უარი თქვა პირბადეების ტარებაზეც. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესი სასულიერო პირებზე არ ვრცელდება: “სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთება არ არის გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან.”
ეპიდემიოლოგების შეფასებით, ტაძრებში პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლის, რადგან რელიგიური რიტუალის დროს ეკლესიებში მისული ასეულობით ადამიანი ერთ ჯვარს ემთხვია და საერთო კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა.
“კატასტროფა მოხდა. თბილისში, ქუთაისში, რუის-ურბნისში, შუახევში, გორში და მთელ საქართველოში. მხოლოდ პატრიარქს შეეძლო, რომ ეთქვა ერთი სიტყვა და მთელი მრევლი სახლში დარჩებოდა უსიტყვოდ. გადაარჩენდა დავირუსებას უამრავ ადამიანს. არ გააკეთა. პატრიარქის კისერზეა დღეს დავირუსებული ხალხის ცოდვა,” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეკანოზი, ბასილ კობახიძე.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აღდგომიდან ორი კვირის შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით იფეთქებს.
კორონავირუსით საქართველოში 394 ადამიანია ინფიცირებული. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტების დიდ ნაკადის მართვას ვერ შეძლებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. დაიხურა სავაჭრო ობიექტები და აგრარული ბაზრები. აღარ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაჩერდა არაერთი ბიზნესი და დღიური შემოსავლის გარეშე დარჩა უამრავი თვითდასაქმებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 3000 ლარით ათასობით ადამიანი დააჯარიმეს.