საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გენერალური ინსპექცია შევიდა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მიზანია უკან დაიბრუნონ ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო განთავსებული.
“ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა.” – ამბობს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორბელიანის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენინსპექციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, “რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური.”
განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, კონსტანტინე ნაცვლიშვილი ინსპექციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მცირედ დაზიანებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ვადებიც დაცული იყო.
“ამ ნამუშევრების ნაწილი ექსპონირებული იყო ჩვენს სასახლეში. მსგავსი ბრალდებები, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებდით, მიჩვეულები ვართ, ჩვენთვის ახალი არ გახლავთ. ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ხელოვნების სასახლესთან და მე ვფიქრობ, რომ ვადები ყველანაირად დაცული იყო”. – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
წინაისტორია
4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე “ავტოპორტრეტი სარკესთან”, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.
მხატვრის და არტისტის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა წარმოება დაიწყეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი, საგამოფენო განყოფილების უფროსი ალექსანდრა გაბუნია მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. გაბუნიას სიტყვებით, კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა გამოფენიდან ექსპონატი, მისივე თქმით, პოლიციას მომხდარის შესახებ თავად შეატყობინა, რადგან ” ხვალ ვინმემ ფიროსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით”.
გუშინ ეროვნულ გალერეასთან ხელოვანების აქცია გაიმართა, რომელსაც საკუთარ ფეისბუქზე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დაწერა:
“20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერის უკანა ეზოში… მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!”
● SJC: თეა წულუკიანის საკადრო წმენდისას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
● “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს” – პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ
● ქართულმა კინოაკადემიამ ფილმი, რომელიც ივანიშვილის ხეებს ეხება, ჩვენებებიდან მოხსნა
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრის თანამდებობა ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჩინოვნიკმა, თეა წულუკიანმა დაიკავა, ამ სფეროს მუშაკები სისტემაში დაწყებულ პოლიტიკური ნიშნით წმენდაზე, ცენზურის დაწესების მცდელობასა და შემოქმედებით პროცესში ჩარევაზე მიუთითებენ.
კონკრეტულად კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის ეს არ არის პირველი კონფლიქტის შემთხვევა. 2002 წლის 25 ივლისს, საქართველოს კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მას და მთლიანად ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დროს, ხელი შეუშალა.
წულუკიანი ამბობს, რომ არ ახსენდება პრეზიდენტისგან შემოთავაზებული არც ერთი დახმარება, როდესაც ის, როგორც იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფოს წარმომადგენელი მხარე სტრასბურგში იცავდა ქართველი ჯარისკაცის, პროკურორის, პოლიციის და “ყველაფრის ინტერესს.” წულუკიანი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილისგან ხელის შეშლის მეტი არაფერი ახსენდება.
საქართველოში კულტურის მინისტრის წინააღმდეგ პროტესტმა პერმანენტული სახე გასული წლის იანვარში მიიღო. კულტურის მუშაკებმა ონლაინ-პეტიციაც შექმნეს და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს.
პროტესტის მიზეზი გახდა კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული რამდენიმე სკანდალური გადაწყვეტილება – ხელოვნების მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, ან მუზეუმიდან განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების გათავისუფლება, ასევე სკანდალი, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნს უკავშირდება.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებებში საზოგადოების ნაწილი ხედავს პოლიტიკურ რეპრესიებსა და ცენზურისა და განსხვავებული აზრის დევნის მცდელობას.