როგორ უკავშირდება საბანკო გაურკვევლობა აზერბაიჯანში კორონავირუსს
ბაქოს მცხოვრებლები, უკვე ზედიზედ მერამდენე დღეა, ბანკების წინ უზარმაზარ რიგებს უჩივიან. ბანკებში გაიცემა ბარათები, რომლებზეც კორონავირუსის ეპიდემიისა და კარანტინის გამო სამუშაოდაკარგულ ადამიანებს კომპენსაცია დაერიცხებათ. ამავდროულად, ბანკების უმრავლესობა მხოლოდ დღის ორ საათამდე მუშაობს. რამდენიმე ბანკი კი საერთოდ დაიკეტა.
ერთ-ერთი ბაქოელი არსებულ ვითარებას ასე აღწერს:
„ უკვე, მერამდენე დღეა, ფულად გადარიცხვას ვერ ვიღებ, გუშინ რიგში 40 წუთს ვიდექი, და აღმოჩნდა, რომ ვალუტა არ ჰქონდათ. დღეს კი გაირკვა, რომ 14:00-მდე მომუშავე ბანკები განაცხადების მიღებას 13:00-დან წყვეტენ. სამაგიეროდ, ირგვლივ ყველა მაღაზია საღამომდე ღიაა. ბანკების ირგვლივ უამრავი ადამიანია. თუმცა, ზოგიერთ ბანკთან ან პოლიცია დგას, ან დაცვა, ყვირილით ლაპარაკობენ, უხეშობენ და ადამიანებს „შენობით“ მიმართავენ“.

სამუშაოს დაკარგვის გამო დაწესებული კომპენსაცია თვეში 190 მანათს [დაახლოებით $112] შეადგენს და 600 ათასი ადამიანისთვის არის განკუთვნილი. თუმცა, ექსპერტების აზრით, მათი რეალური რაოდენობა, ვინც კარანტინის გამო შემოსავლის გარეშე დარჩა და დახმარება ესაჭიროება, გაცილებით მეტია. კომპენსაცია ორ თვეზეა გათვლილი. აპრილში ის ადამიანებს ფოსტით გადაურიცხეს, მაისში კი ამ თანხის იმ ბარათებზე დარიცხვას ჰპირდებიან, რომელთა გამოც ადამიანები ახლა რიგში დგანან.
- კორონავირუსის წინააღმდეგ აზერბაიჯანის “ბრწყინვალე გამარჯვება” – რა არ არის წესრიგში. მოსაზრება
- ნავთობი და კორონავირუსი – აზერბაიჯანის ეკონომიკის ორი უბედურება
- რა ბედი ელის საქართველოს ტურიზმს პანდემიის შემდეგ?
რაც შეეხება ბანკების დაკეტვას, კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ, მაგრამ, ეკონომისტების აზრით, მათ სესხების გაცემის პრობლემები გაუჩნდათ. ოფიციალური ცნობებით, ბანკების „ლიცენზიები გაწვეულია“.
ოფიციალური მონაცემებით, 29 აპრილის საღამოსთვის აზერბაიჯანში COVID-19 -ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 766 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 23 გარდაიცვალა, 1 267 კი – გამოჯანმრთელდა.
27 აპრილიდან ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი შერბილდა – კერძოდ, გაიხსნა მაღაზიების უმეტესობა, ასევე – ატელიეები და ფოტოსტუდიები.