ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი ასამბლეის 68 წევრმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.
რა წერია რეზოლუციაში“დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“
● დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ სტანდარტებს.
● რეზოლუციის პროექტი აკრიტიკებს ხელისუფლების იზოლაციურ პოლიტიკას, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას, ასევე “უცხოური გავლენის“ კანონებს.
● ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს მოსალოდნელ ადგილობრივ არჩევნებზე არასათანადო გარემოსა და საერთაშორისო დამკვირვებლების არყოფნის გამო.
● რეზოლუცია მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის იდეას და მას “ერთპარტიული დიქტატურის საფრთხედ“ მიიჩნევს.
● ასამბლეა “ღრმა მწუხარებას გამოხატავს” იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის შეშფოთებასა და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ სისტემატურად უგულებელყოფს, რაც ფართოდ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
● რეზოლუციის ტექსტში წერია, რომ საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად დემოკრატიის არსებობა საქართველოში.
● ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და მტრულ დამოკიდებულებას ევროპულ ორგანიზაციებსა და მათ წევრ ქვეყნებთან.
● ასამბლეა შეშფოთებულია იმით, რომ საჯარო მოხელეთა მიმართ მუქარა და შურისძიება, მათ შორის მასობრივი გათავისუფლებები, კვლავ გრძელდება. ეს საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
● ასამბლეა მხარდაჭერას უცხადებს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და გმობს მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების სამართლებრივ დევნას.
● PACE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და აცხადებს მზადყოფნას დიალოგისთვის.