ოპოზიცია ჩრდილოვან კაბინეტზე მუშაობს
“ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციის ნაწილი ჩრდილოვან კაბინეტზე მუშაობს. კაბინეტის წარდგენა 18 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა წარდგენის სავარაუდო თარიღად ახლა 20 ოქტომბერი განიხილება.
ოპოზიცია ჯამში 25 პოზიციაზე მსჯელობს. ამ დრომდე მიმდინარეობს გადაწყვეტილებების შეჯერება 10 გამგებლის პოზიციაზეც.
უკვე ცნობილია, რომ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-მერის პოზიციაზე განიხილება 3 კანდიდატი: ანა ბიბილაშვილი და დეა მეტრეველი “ლელოდან” და ცოტნე კობერიძე – პარტიიდან “გირჩი – მეტი თავისუფლება.”
საკრებულოს თავმჯდომარედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო საკრებულოს ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად განიხილება გიორგი ნონიაშვილის კანდიდატურა “ევროპული საქართველოდან”, ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსად კი სერგო ჩიხლაძე – “სტრატეგია აღმაშენებლიდან.”
“ჩრდილოვან კაბინეტში წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად ყველა ის პარტია, ვინც იზიარებს რომ მხოლოდ ერთობით და ერთიანობით შეგვიძლია ამ რეჟიმის დასრულება და შემდგომ უკვე კოალიციურად ამ ქალაქის და შემდეგ ქვეყნის მართვა. ყველა სამსახურის უფროსი, მერის მოადგილეები, გამგებლები სსიპ-ები თუ ა(ა)იპ-ები პროფესიონალიზმის ნიშნით იქნებ შერჩეულნი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ მაქსიმალურად ბევრი პარტიის ჩართულობა იყოს ამ პროცესში”, – ამბობს ბაჩო დოლიძე “ნაციონალური მოძრაობიდან.
ხოლო პარტია “ლელოს” წევრის, ანა ბიბილაშვილის თქმით, ეს მცირე მოდელია, “როგორ შეგვიძლია კოალიციურად ვმართოთ ქვეყანა და როგორ შეგვიძლია ჩვენ პოლიტიკა გადავიყვანოთ კოალიციურ მმართველობაზე.”
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● საპატრიარქო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ექს-პრეზიდენტი უარზეა
● “არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე”. დაკავებამდე სააკაშვილმა ვიდეოს ჩაწერა მოასწრო
2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობას უნდა აერჩია 64 მერი და საკრებულოს 2044 დეპუტატი. ძირითად თვითმმართველ ქალაქებში მეორე ტურები ჩაინიშნა (მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში და თელავში), სწორედ მეორე ტურებისთვის ემზადება ოპოზიცია 30 ოქტომბერს.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 43 საარჩევნო სუბიექტი.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა.
ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, ოპოზიციამ და არამხოლოდ ოპოზიციამ, მისი დანიშვნის დღიდანვე შეაფასა რეფერენდუმის ტოლფასად.