ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან
გაზიარება
გაზიარება
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება. მათივე თქმით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპანტები მას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში სდებენ ბრალს.
სუს-ის ინფორმაციის მიხედვით, ა.თ. ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს, სადაც ის პერმანენტულად ცხოვრობს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”. – წერია განცხადებაში.
კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში. იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ნარკოდანაშაულსაც ედავებოდნენ.
როგორც წესი, “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ.
ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა.
რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ.