საქართველო: ნოემბერში საარსებო მინიმუმი 223 ლარი და 70 თეთრია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო მინიმუმი 34.20 ლარით გაიზარდა და 223.7 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით, ის 50 თეთრით არის შემცირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198.1 ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 30.3 ლარით აღემატება.
საქსტატისვე ინფორმაციით, საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 129 ლარით [10.4%] გაიზარდა და 1 368 ლარი შეადგინა.
2021 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1106 ლარით, ხოლო კაცების – 1 612 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 139.6 ლარი (9.5%).
● საქართველოში ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, საშუალო ხელფასი კი 1,328 ლარია
როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი
დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულების მიხედვით დგება, მისი გამოანგარიშება კი სპეციალური სასურსათო კალათით ხდება. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
შესაბამისად, საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.
მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი დაახლოებით 20%-ით ძვირია, ვიდრე ზაფხულში. თუმცა იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
საარსებო მინიმუმის გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან ხდება:
- ხორბლის პური – 250 გრამი
- სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
- ლობიო – 20 გრამი
- ბრინჯი – 10 გრამი
- წიწიბურა – 10 გრამი
- ძროხის ხორცი – 40 გრამი
- მაკარონი – 15 გრამი
- ღორის ხორცი – 20 გრამი
- რძე – 150 მილილიტრი
- ხაჭო -15 გრამი
- ყველი – 20 გრამი
- ნადუღი – 5 გრამი
- ბადრიჯანი -10 გრამი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ანუ, მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 56%-ს კი სხვა სერვისებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს. რადგან, მათი განმარტებით, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.