ფაშინიანი: სომხები უნდა დაბრუნდნენ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად სოფლებში
აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების შექმნა სომხების ყარაბაღის იმ სოფლებში დაბრუნებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მას მიაჩნია, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. ფაშინიანი საუბრობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვის აუცილებლობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც სომხური მხარის პოზიცია არ შეცვლილა.
ასევე, ინტერვიუში ფაშინიანმა ისაუბრა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებაზე.
სომეხი დევნილების შესახებ
სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში არის შეთანხმება სომხების მთიანი ყარაბაღის იმ სამ რაიონში დაბრუნების შესახებ, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა:
„ამ პუნქტის თანახმად უნდა შეიქმნას კონკრეტული მექანიზმები, უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები და უნდა უზრუნველყოფილი და ორგანიზებული იყოს მთელი ეს პროცესი. ის უნდა გახდეს მოლაპარაკებების პროცესის უპირველესი ამოცანა“.
მანამდე, სომხეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ყარაბაღის ტერიტორიაზე იმ დასახლებული პუნქტების სია – ქალაქებისა და სოფლების (სულ 121), რომლებიც, 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის.
რეგიონში სამშვიდობოების ყოფნის ვადების შესახებ
სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ მთიან ყარაბაღში ზავის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს რეგიონში რუსი სამშვიდობოების შესვლას, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში გააკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას. ამასთან, გათვალისწინებულია სამშვიდობოების ყოფნის ავტომატური გაგრძელებაც.
„ხუთწლიანი ვადის განმავლობაში, რა თქმა უნდა, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიების შექმნა უნდა მოვასწროთ. მაგრამ რადგან ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურებულია, არ ვფიქრობ, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამ დროისთვის, ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღსა და რეგიონში სტაბილურობის და ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
„იმედი მაქვს, რომ რუსი სამშვიდობოები წარმატებით იმოქმედებენ და შეძლებენ რეალურად განახორციელონ ეს მისია“.
მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების შესახებ
„მოლაპარაკებების პროცესი უნდა გაგრძელდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობის ფარგლებში და ის საკითხები, რომლებიც არ არის გადაწყვეტილი ერთობლივი განცხადებით (მხედველობაში აქვს მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი), უნდა გახდეს განსჯის საგანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. თქვენ იცით სომხეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, მას მიაჩნია, რომ ამ მომენტისთვის არსებობს უფრო ოპერატიული საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას:
„მხედველობაში მაქვს ტყვეებისა და დაკავებული პირების სრულად გაცვლა. არის უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხიც, არის დაღუპულთა ცხედრების გაცვლის საკითხი. ვფიქრობ, რომ ამ მომენტში სწორედ ამ თემებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება“.
უკვე რამდენიმე დღეა, ყარაბაღის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ასობით მშობელი მართავს საპროტესტო აქციას ერევანში, თავდაცვის სამინისტროსთან. ისინი საკუთარი შვილების შესახებ ინფორმაციის წარდგენას ითხოვენ. მშობლების თქმით, მათ მხოლოდ „ცარიელი დაპირებებით კვებავენ“.
საბოლოოდ, ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა მათ და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს. მან აღიარა, რომ სახელმწიფო ორგანოები, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ამ დრომდე ვერ მუშაობდნენ საკმარისად ეფექტიანად ამ პრობლემების გადასაჭრელად:
„ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც საერთო ტკივილს და იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს, ჩვენს ძმებს ვიპოვით და დავაბრუნებთ“.
შიდაპოლიტიკური სიტუაციის შესახებ
სომხეთში, 11 ნოემბრიდან, ყარაბაღის საკითხზე სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს არის „მოღალატეობრივი დოკუმენტი“ ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ და სკანდირებდნენ – „ნიკოლ, წადი“, „ნიკოლ – მოღალატე!“.
გაერთიანებული 17 ოპოზიციური პარტია, სომხეთის პრეზიდენტი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმიც კი, სთავაზობენ პრემიერ-მინისტრს, საკუთარი ნებით დატოვოს თანამდებობა.
ფაშინიანს მიაჩნია, რომ გარკვეული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა არსებობს, მაგრამ წასვლას არ აპირებს:
„ფაქტი ის არის, რომ ის მოწოდებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისმის, ვერ იღებს მხარდაჭერას სომხურ საზოგადოებაში. ამის კონსტატირება უნდა მოვახდინოთ“.
პრემიერის აზრით, სომხური საზოგადოება ეთანხმება იმას, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში, „აღარ იყო რეალური ალტერნატივა, რომელიც ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა“.
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ გამოაქვეყნა 6-თვიანი „საგზაო რუკა“ ანუ სიტუაციის სტაბილიზაციის სამოქმედო პროგრამა:
„ამის შემდეგ, კონსულტაციებს გავივლით ჩვენს საზოგადოებასთან, ხალხთან, პოლიტიკურ ძალებთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამომავლო მოქმედებებსა და ნაბიჯებთან დაკავშირებით“.