ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
სხდომა 5 საათს გაგრძელდა. ადვოკატები ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რადგან მელიას მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
სხდომას ესწრებოდა თავად ნიკა მელიაც. მან ოპოზიციონერებს მიმართა და უთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდნენ 2020 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ადამიანების ამნისტიას,
“მელიას გამოვუშვებთ და ამათ ეს თვალების თხრა და ხორცების გლეჯა ვაპატიოთო. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ისტორია გადაიწეროს, გავიდეს 10-15 წელი და მინიმუმ გაიბლაროს სიმართლე, პატრიოტები წარმოაჩინონ დამნაშავეებად და პირიქით”, – განაცხადა მელიამ.
20-21 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდებულის ამნისტიის საკითხი პირველად დღის წესრიგში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დროს დადგა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ორჯერ გაიმართა, თუმცა ვერც ერთხელ შეთანხმება ვერ შედგა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, რაც დღეს სასამართლო დარბაზში მოხდა, ეს იყო კატასტროფა:
“30 სასამართლო მქონია და ასეთი უსისხლძარღვო უსინდისობა მე უბრალოდ არ მინახავს. კარგი ის არის, რომ ვინც იტყვის ქართული ოცნებიდან, ნიკა მელიას ხელშია, გადაიხადოს და გამოვაო, შეგიძლიათ, ტყუილისთვის და შეურაცხყოფისთვის სახეში შეაფურთხოთ. დღეს მოსამართლემ და სასამართლომ ამის უფლება ყველას მოგცათ, იმიტომ, რომ სახეში გატყუებენ. არავითარი გირაო არ არსებობს და იტყუებოდნენ, უნდოდათ დაპატიმრება, იმიტომ, რომ პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია. ეს ამბავი გრძელდება ახლა, გრძელდება ვაჭრობა. ეს არის მანტიაში შეხვეული რაღაც საზიზღრობა, რომელსაც სასამართლო უბრალოდ დააბრალეს და დაარქვეს.”
________________________________
● ყოფილი ელჩები და დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია
● პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?
● ნიკა მელიას დაკავება: პირველი რეაქციები ფეისბუკზე
___________________________________
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელია ყოფილი მმართველი გუნდის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა. ეს პარტია საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, რადგან მასზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დიდი ალბათობით, ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებენ.
ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილვის საქართველოში ვიზიტის გამო პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
2019 წელს სასამართლომ მელია არ დააკავა. ის 30 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და ხელზე ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს, რომლის ტარების ვალდებულება ჰქონდა, რათა სამართალდამცავებს სცოდნოდათ თუ სად გადაადგილდებოდა იგი.
2020 წლის ნოემბერში, აქციაზე, რომელზეც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, მელიამ დემონსტრაციულად, პროტესტის ნიშნად მოიხსნა სამაჯური და მას უსამართლობის სიმბოლო უწოდა.
საპასუხოდ ოპოზიციონერს გირაოს თანხა კიდევ 40 ათასი ლარით გაუზარდეს, რომლის გადახდაზეც მან უარი თქვა. სწორედ გირაოს გადაუხდელობა გახდა ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიას დაკავების შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე პარლამენტმა მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახალხო დამცველი და საქართველოს საერთშორისო პარტნიორები მუდმივად მიუთითებდნენ საქმეში არსებულ სამართლებრივ პრობლემებზე და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.
მელიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში საქართველოს მეგობარი ქვეყნის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი იყო ჩამოსული, რომელიც მისი თქმით, ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ მელიას დაპატიმრებას უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვებოდა.
ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოში ჩამოვიდა მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონიც, თუმცა მისი 5-დღიანი ვიზიტი ჩავარდა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დანიელსონი საქართველოში მეორეჯერაც ჩამოვიდა, თუმცა მოლაპარაკება ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა.