NGO-ები რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ
NGO-ები რუსული კანონი წინააღმდეგ
საქართველოში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. 30 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ შიდა და საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ კანონის მოქმედების შესაფერხებლად. ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ.
რა წერია განცხადებაში
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.
ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.
საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს. პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს“.