NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 76%, ხოლო ნატოში - 69%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
გამოკითხულთა 76%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ნატოში გაწევრიანებას კი გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს.
2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემებთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 6%-ით, ხოლო ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 5%-თაა შემცირებული.
- დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
- MDF: ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი აქცენტები – შიში და უიმედობა
კითხვაზე, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ინტეგრაციით, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს. გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სატელეფონო ინტერვიუს მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 1550 ადამიანი გამოიკითხა.