Myway Airlines-ის და Wizz Air-ის 5 რეისს საქართველოს მთავრობა 261 000 ევროთი დააფინანსებს
Myway Airlines-ის და Wizz Air-ის ივლისში დაგეგმილი 5 რეისისთვის, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე საერთაშორისო ფრენების აკრძალვის გამო უცხოეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ, საქართველოს მთავრობა 261 000 ევროს ექვივალენტი ლარით დააფინანსებს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა.
ივლისში სულ 5 რეისია დაგეგმილი:
13 ივლისი – ვარშავა;
15 ივლისი – ბარსელონა;
17 ივლისი – რომი;
22 ივლისი – პარიზი;
28 ივლისი – ათენი;
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ რეისებზე ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.
- საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის. ოღონდ ფრენები არ არის
- “ჩაკეტილი ქვეყანა” და ზარალი ეკონომიკისთვის
როგორც მთავრობის განკარგულებაშია მითითებული, რაც უფრო მეტ ბილეთს გაყიდის ავიაკომპანია, მით უფრო დაიკლებს ბიუჯეტიდან ავიაკომპანიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა.
“აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით”, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
მთავრობის №1157 განკარგულებით, ავიაკომპანია ვალდებულია გაყიდული ბილეთების რაოდენობისა და ღირებულების შესახებ სრული ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დეტალურად მიაწოდოს.