მოსკოვში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი შემოიღეს- აკრძალულია სახლიდან გასვლა უკიდურესი საჭიროების გარეშე
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რუსეთის დედაქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის ახალი შეზღუდვები დაწესდა. ნოვაია გაზეტას ცნობით, ხვალიდან სახლიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, საავადმყოფოში გადაუდებელი დახმარების მისაღებად, საკვების შესაძენად, ნაგვის გადსაყრელად ან ძაღლის გასასეირნებლად იქნება ნებადართული.
ქალაქის მერის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, შეზღუდვები ასევე ითვალისწინებს რამდენიმე დღეში სპეციალური საშვის შემოღებას, რომლის გარეშეც სახლიდან გასვლა აკრძალული იქნება.
ქალაქის მაცხოვრებლებმა ასევე უნდა დაიცვან ერთმანეთისგან მეტრნახევრიანი დისტანცია საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში – ეს არ ეხება ტაქსით და საკუთარი მანქანით მგზავრობას.
- თბილისი, ბოლნისი, ბარსელონა, ვაშინგტონი, ქობულეთი – როგორ შეცვალა კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება
- კორონავირუსი ირანში: ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფეთქება მსოფლიოში და ხელისუფლების ტყუილი
- სიკვდილი, სკამების დემონტაჟი და ხანდაზმულების იძულებითი დეზინფექცია – კორონავირუსი თურქეთში
გარდა ამისა, მოსკოვის მერიამ ფინანსური დახმარება დაუნიშნა ქალაქის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც კარანტინის გამო სამუშაო ადგილს დაკარგავენ – 19,5 ათასი რუბლის ოდენობით (დაახლოებით 250 დოლარი).
სტატისტიკა 29 მარტისათვის
რუსეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევების საერთო რაოდენობამ 1,535 მიაღწია.
გარდაიცვალა რვა ადამიანი.
რუსეთის პატრიარქი მორწმუნეებს მოუწოდებს, ეკლესიებში არ მივიდნენ
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, კორონავირუსისის ინფექციის გავრცელების გამო ღვთისმსახურებაზე დასწრებისაგან თავი შეიკავონ. ნოვაია გაზეტას ცნობით, ამის შესახებ პატრიარქმს ქრისტე მაცხოვრის ტაძარში წირვის შემდეგ განაცხადა.
ეს რეკომენდაცია კირილემ ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებით დაასაბუთა, რომელმაც 47 წელი უდაბნოში სრულ მარტოობაში გაატარა:
”თავი შეიკავეთ ტაძრებში მოსვლისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ წმინდა მარიამ ეგვიპტელის გასაოცარი, წმინდა მაგალითი […] სხნა ტაძარში მისვლის გარეშეც არის შესაძლებელი.”

”ახლა სწორედ ასე უნდა ვიცხოვროთ. არ მოუსმინოთ სხვა ქადაგებებს, მათ შორის უგუნური სასულიერო პირებისგან – მოუსმინეთ იმას, რასაც დღეს პატრიარქი გეუბნებათ!”, – განაცხადა კირილემ.
საკვირაო წირვას ტაძარში პატრიარქთან ერთად დაახლოებით 150 ადამიანი ესწრებოდა. ნახევარზე მეტი ნიღბებით მოვიდა, ყველამ მათგანი ერთმანეთისაგან დისტანციას იცავდა.