მოქალაქეობის რიგში - როგორ ურიგებენ უკრაინის აღმოსავლეთის მოსახლეობას რუსულ პასპორტებს
„ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაციის მიხედვით
დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ ოლქებში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება 24 აპრილს გამოვიდა.
უკვე ორ დღეში რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული „სახალხო რესპუბლიკების“ მოქალაქეებისთვის განკუთვნილი როსტოვში მდებარე ლამაზად აღჭურვილი საბუთების მიმღები პუნქტები უჩვენეს; ასევე – ამ პუნქტების კომპეტენტური და შრომისმოყვარე თანამშრომლები, რომლებმაც პირველსავე დღეს „ასზე ოდნავ ნაკლები“ ქაღალდების კომპლექტი მიიღეს. და უკვე სამასი ათასი „გაფორმების პროცესში“ აქვთ.
„დაველოდებით, ვინ მიიღებს პირველ რუსულ პასპორტს“
დონეცკი, შორსის ქუჩა 104. ქვემოთ რიგი დგას. სწორედ ეს არის ქალაქის კიროვის რაიონის საპასპორტო მაგიდის შესასვლელი. დრო – დილის შვიდი საათი. დაწესებულების გახსნამდე ჯერ კიდევ ორი საათი რჩება. მაგრამ კართან უკვე რიგი დგას. ადამიანები მოდიან და მოდიან.
ჩაწერაზე როგორ უნდა მოვხვდე? – მიდი-მოდის ადამიანებს შორის ზოლიანმაისურიანი მამაკაცი.
– აი, ნახეთ, იქაა, – სიცილით ტრიალდება მისკენ ვიწრო ჭრელ ზედატანში ჩაცმული ქალბატონი, – შავი მანქანა დგას და კაპოტზე სიებია. პატარა ბლოკნოტში – „დენეერისთვისაა“(დონეცკის სახალხო რესპუბლიკის), უბრალოდ ფურცელზე კი – რუსული. პირველ კაბინეტში ქვითარს მოგცემენ – რომ გადაიხადოთ.
• მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობას სთავაზობს. რა დგას ამის უკან?
• უკრაინის მოქალაქეობა რეფორმებისთვის: რით არიან ახლა დაკავებულები ჩინოვნიკები
•„ბინადრობის უფლება“ ქართველებისთვის აფხაზეთში – პრობლემების გადაწყვეტა თუ მათი გაღრმავება?
ორი სია – ეს ორი რიგია. როგორც ახლა გაირკვა, ადრე „რესპუბლიკის“ ყველა მოქალაქე როდი მიისწრაფვოდა თავიანთი „ნორჩი სამშობლოს“ მოქალაქეობის მისაღებად. მაგრამ, პუტინის ბრძანებულების თანახმად, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პასპორტის ქონა რუსეთის პასპორტის მიღების წინაპირობად იქცა. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პასპორტის ლოდინი ორ-სამ თვეს უწევთ. როგორც განმარტეს, მათ „დიდხანს ბეჭდავენ“.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ 23.00-დან 5.00-მდე კომენდატის საათი მოქმედებს, ამიტომ, ის, ვინ რიგს დილის 4 საათიდან იკავებს, რისკავს – თუ ამ დროს ქუჩაში დაგიჭირეს, შეიძლება ოცდარვა დღე-ღამით „სარდაფში“ გამოგკეტონ
-რუსეთის პასპორტი რისთვის გინდათ? – ვეკითხები ახალგაზრდა ქალს.
–ძალიან მინდა ვიცოდე, პენსიებთან დაკავშირებით რა იქნება, რუსული დედობრივი კაპიტალით, – ამოიოხრა მან , –აი, დაველოდებით, ვინ მიიღებს პირველ რუსულ პასპორტს და ვნახავთ, როგორი ჩანაწერია მასში.
ეს ის საკითხია, რომელზეც აქ ყველა მსჯელობს. ვიღაცამ ყური მოჰკრა, რომ პენსიის მისაღებად რუსეთის მოქალაქეობის მიღება აუცილებელია. ჩაწერის გარეშე პასპორტები ხომ არ არსებობს, ეს მათ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ზუსტად ახსოვთ. და როგორ ჩაეწერები, თუკი სხვა ქვეყანაში ცხოვრობ? ქალი ფიქრობს, რომ „სადმე როსტოვის ოლქში“ ჩაწერენ. ვუხსნი, რომ რუსეთში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, და ფიქტიური რეგისტრაცია ეწოდება.
პენსიების იმედი
პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთის ბიუჯეტი დონბასის პენსიონერებს გაუძლებს. მაგრამ ეს – იმ შემთხვევაში, თუკი სტანდარტულ რუსულ პენსიებს გავითვალისწინებთ. მაგრამ, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი პენსიონერი ცხოვრობს დონბასში. ეს არც 2014 წლამდე არსებობდა.
– ჩვენ დონეცკში ადრე არ ვიცოდით, თუ რამდენი ვართ, – ამბობს ჟურნალისტი ოქსანა, – უკრაინაში უკანასკნელი აღწერა 2001 წელს იყო.
თავად ოქსანას მამამ მთელი ცხოვრება მაღაროში იმუშავა. ახლა ის პენსიაზეა. აპირებს, რომ რუსული პასპორტი მიიღოს და პენსია რუსეთში გააფორმოს.
– რა არის დონბასი? ეს არის ნახშირი და მეტალურგია, – აგრძელებს ოქსანა, – მძიმე , მავნებელი წარმოებებია და მეშახტეებს ყოველთვის კარგი ხელფასები ჰქონდათ. შრომის პირობების გამო, მეშახტეები პენსიაზე ძალიან ადრე გადიან. მამაჩემი 50 წლის ასაკში გავიდა.
კანონით, მაღაროელებს პენსიაზე გასვლა 20-წლიანი სტაჟის შემდეგ შეუძლიათ. ამ დარგებში შვიდ წელიწადზე მეტ ხანს დასაქმებული ქალებისთვის საპენსიო ასაკი ასევე დაწეულია. პასპორტის მიღების შემდეგ რუსულ პენსიაზე პრეტენზია სრულიად ახალგზრდა ადამიანებს ექნებათ.
“აქ ბევრი მაღაროელია, – აღნიშნავს ოქსანა, – პენსიის რაოდენობა ხელფასისა და სტაჟის მიხედვით გამოითვლება. 15 ათასი გრივენის (დაახლოებით $ 565) ოდენობის პენსია უკრაინაში მაღაროელებისთვის სრულიად რეალურია. მამაჩემი 8500 გრივენს (დაახლოებით $320) იღებს. ახლა მას რუსეთში ასევე მაღაროელის პენსიაზე ექნება პრეტენზია. ”
დონეცკი – სექენდ-ჰენდები ბუტიკების ნაცვლად
მე დონეცკში 2014 წელს ვიყავი, ეს ლამაზი, შეძლებული ქალაქი იყო, ცენტრალურ ქუჩებზე ძვირფასი ბუტიკებით. ახლა აქ ხუმრობენ: ამბობენ, ჩვენთან ახალი სავაჭრო ქსელი – „ქირა“ გაჩნდაო. ეს სიტყვა მრავალ ვიტრინას აწერია. ბუტიკების ადგილას – სექენდ-ჰენდებია.
„ხუთ წელიწადში ხალხს ყველაფერი გაუცვდა, ახალი ტანსაცმლის ფასები კი თავადვე ნახე“, – ამბობს ჟურნალისტი ოქსანა.
შემდეგ უკვე სოციალური ქსელებშიც წავიკითხე – ვიღაც დეიდას თავისი კაბები სექენდ-ჰენდში უნახავს, ექსკლუზიური კაბები ჰქონია – საზღვარგარეთული, სახლი კი გაუძარცვეს… რასაკვირველია, ამის შემოწმება ძნელია, მაგრამ წასაკითხად საშინელებაა.