მიტანის სერვისს პროდუქციის ავტომობილით მიტანა აეკრძალა
მიტანის – ე.წ დელივერი სერვისის კურიერებს ავტომობილით პროდუქციის მიტანა 27 აპრილამდე აეკრძალათ.
აკრძალვა დღეს, 22 აპრილს შევიდა ძალაში.
22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 97 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
კომპანია glovo-მ, რომელიც მიტანის სერვისს ახორციელებს, მომხმარებლებს დღეს შეატყობინა, რომ ახალი შეზღუდვის გამო, პროდუქციის მიწოდება რამდენიმე დღით შეფერხდება.
როგორც glovo-ში აცხადებენ, ახალი შეზღუდვის გამო მუშაობას ვეღარ აგრძელებენ ის კურიერები, რომლებსაც პროდუქცია მანქანით მიჰქონდათ, რის გამოც პროდუქციის მიტანისთვის საჭირო დრო გაიზარდა.
ის კურიერები კი, რომლებსაც პროდუქცია მოტოციკლებით გადააქვთ, დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ იღებენ.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ 27 აპრილამდე პროდუქციის მიტანა მხოლოდ ველო-მოტო ტრანსპორტით არის დაშვებული.
ახალმა შეზღუდვამ მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
“სახლში დარჩიო გეუბნებიან და თან მაღაზიაში გასვლას გაიძულებენ”
“უბნის მაღაზიაში არაფერი აღარ დარჩა. უახლოეს მაღაზიამდე 15 კმ-ია. რა უნდა ვქნათ?”
“შიმშილით თუ დავიხოცეთ, კორონა არ დაგვემართება. ალბათ ესაა სტრატეგია,” – წერენ ფეისბუკში.
- კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
- “ვართ მე და ჩემი ბერიკაცი, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს,” – როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები იზოლაციაში
- პატრიარქი: სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია
ავტომობილებით გადაადგილება საქართველოში 17 აპრილს აიკრძალა. 22 აპრილამდე შეზღუდვა მიტანის სერვისის კურიერებზე არ ვრცელდებოდა. 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა მიტანის სერვისზეც გავრცელდა. შეზღუდვა 27 აპრილამდე იქნება ძალაში.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.