მიხეილ სააკაშვილს საზღვრის კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება აბსურდულად შეაფასეს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ისედაც დაპატიმრებულია სხვა საქმეზე.
გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. მისი თქმით, ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საფუძვლიანია.
ასევე, მან არ დააკმაყოფილა სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობები მოსამართლის აცილებისა და პროცესის გადადების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2018 წლის 5 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენი იყო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.
სასამართლომ სააკაშვილი ასევე დამნაშავედ ცნო ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას მოიცავს. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
2024 წლის 23 მაისს სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა სასამართლომ (EUHCR) დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. სააკაშვილმა EUHCR-ში საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეიტანა.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო [იგი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა], სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არც ამჯერად გადაუვადა.
სააკაშვილი ახლა “ვივამედშის” საავადმყოფოში იმყოფება, სადაც სასჯელს იხდის. ის ბრალს არ აღიარებს. ექსპრეზიდენტი 2021 წლის პირველ ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოში 8 წლიანი არყოფნის შემდეგ არალეგალურად ჩამოვიდა.