"მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, იცოდეს ამაზე პასუხს მოვთხოვ" - ბერა ივანიშვილის პასუხი ფარულ ჩანაწერებზე
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერა ივანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბარი.
ჩანაწერში სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დეტალურად განიხილავენ თუ როგორ დააშინეს და დასაჯეს სკოლის მოსწავლე, რომელმაც სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს აგინა.
რა თქვა ბერამ
ჩანაწერთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედს” ესაუბრა.
მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აუდიოჩანაწერი აუთენტურია.
მმართველი გუნდის წევრებისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისგან განსხვავებით, რომლებიც რამდენიმე დღეა იმეორებენ, რომ ეს ჩანაწერები ფაბრიკაციაა, ბერა ივანიშვილს მსგავსი რამ არ უთქვამს.
პირიქით, მან დააზუსტა, რომ ჩანაწერი 2011 წელს გაკეთებული მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო.
თუმცა, ბერა ივანიშვილმა თქვა, რომ დღესაც იგივეს გაიმეორებს და “პასუხის მოსთხოვს” მას, ვინც დედას შეაგინებს:
„მოდით, მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, ეს იყო ავთენტური – არ იყო. დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, იცოდეს ამაზე პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“, – თქვა ბერა ივანიშვილმა.
ბერა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში ხაზგასმით ისაუბრა იმაზე, რომ ყველა ქართველი კაცი ასე მოიქცეოდა:
„ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას და ეს უბრალოდ ასე არ გამოვა. მე მიაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია”, – თქვა ბერამ.
მილიარდერის შვილი ირწმუნება, რომ საუბარი შედგა 2011 წლის ზაფხულში, როცა ის 16 წლის იყო. ანუ მანამ, სანამ მისი მამის პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა.
ბერა ამბობს, რომ 2011 წლის ზაფხულში ის და მისი მხარდამჭერი თინეიჯერები ფეისბუკზე ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ, იყო მუქარებიც და ის იძულებული გახდა მამამისის დაცვის სამსახურისთვის მიემართა.
„ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა… რაღაც ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, რომ მე ამას ვერც კი გავიმეორებ… ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები… იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, – თქვა ბერა ივანიშვილმა.
ბერა ივანიშვილმა ჩანაწერების გაკეთებაში, მათ გავრცელებაში და ასევე სოციალურ ქსელში იმდროინდელ მუქარებსა და პროვოკაციებში “ნაციონალური მოძრაობა” და ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა.
ჩანაწერებთან დაკავშირებით მანამდე კომენტარი გააკეთა ანზორ ჩუბინიძემაც. მან ასევე თქვა, რომ ჩანაწერები 2010-11 წლებშია გაკეთებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკაში ჩართული. ჩუბინიძემ აღიარა, რომ ის ნამდვილად ესაუბრა თინეიჯერებს, რომლებიც ინტერნეტში ავრცელებდნენ ბერას წინააღმდეგ მუქარებს. მან თქვა, რომ იგი მაშინ ივანიშვილების ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და ბერას უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.
რას გამოიძიებს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საუბრის „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ (სსსკ-ის 158-ე).
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი, გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ პროკურატურა ამ მუხლით ცდილობს ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხს დაყენებას, რაც „ნამდვილად არ არის საუკეთესო გამოსავალი ან საუკეთესო პრაქტიკა“.
მშვენიერაძის თქმით, ჩანაწერების შინაარსიდან გამომდინარე, „შესაძლოა დანაშაულის“ ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა პროკურატურა ამ მიმართულებით საქმეს არ იძიებს.
მშვენიერაძის თქმით, თუკი ჩანაწერები 2014 წლამდეა მოპოვებული, მაშინ ამისთვის ვინმეს დასჯა დღეს უკვე შეუძლებელია, რადგანაც 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია.
შეფასებები
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბერა ივანიშვილის ინტერვიუ პირდაპირი წახალისებაა ძალადობის და კრიმინალური სუბკულტურის.
ფეისბუკზე პოსტი დაწერა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ, სადაც ის ორ გახმაურებულ საქმეს იხსენებს, რომელთა დროსაც ორი მოზარდი სწორედ “საქმის გარჩევას” და ე.წ. “ღირსების დაცვას” შეეწირა.
“ხორავას საქმე – ერთმა ბავშვმა მეორეს შეაგინა და მერე “ღირსების დაცვას” ორი ბავშვი შეეწირა! შაქარაშვილის საქმე – შეაგინეს ერთმანეთს, „დაიცვეს ღირსება” და 19 წლის ბიჭი მოკლეს ! ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ რომ “ღირსება უნდა დაიცვათ” ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია. ყველას გილოცავთ ვინც დღეს გადარჩით და ცოცხალი ხართ ამ ქვეყანაში… ხვალ შეიძლება თქვენზე ძლიერს და გავლენიანს გადაეყაროთ და მოკვდეთ … აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!”
რაც შეეხება მმართველ გუნდს, თუკი მანამდე მათი კომენტარები, ძირითადად, ჩანაწერის აუთენტურობას აყენებდა ეჭვის ქვეშ, ბერას ინტერვიუს შემდეგ გუნდის წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ ივანიშვილის შვილი “ღირსეულად” მოიქცა:
“ქართული ოცნების” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე: “ბერამ რაც ისაუბრა ეს მე მგონი, თითოეული ქართველისთვის, თითოეული კაცისთვის არის გასაგები. გვაყენებენ შეურაცხყოფას, აყენებენ ჩვენი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს რეაქციები. ამაზე განმარტებები გააკეთა ბერამაც. მას არ უთქვამს რომ ეს ფაბრიკაცია არ არის…”
“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხელ ყაველაშვილი: “დაახლოებით 18 წელი ვიცხოვრე… მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ადამიანს, ვინც ისეთ შეურაცხყოფას გაგიტარებთ”.