ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის გამო, თბილისი ბელარუსის ელჩს იბარებს
ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის გამო თბილისი ბელარუსის ელჩს იბარებს
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
- აფხაზეთის მოსახლეობა დაამშვიდეს – მათ მობილიზაცია არ შეეხებათ
- რა ტერიტორიების და ობიექტების მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან. კომენტარი
- ცხინვალი რუსეთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მას იქ არ ელიან. რატომ და რას უნდა ველოდოთ?
- “მაშინ ხალხი მიხვდა, რომ არამხოლოდ საკუთარი თავი, ერთმანეთიც უნდა გადაერჩინათ”. 90-იანი წლების ენერგოკრიზისი საქართველოში
ლუკაშენკო აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს მოსკოვიდან ჩავიდა. მოსკოვში იგი პუტინს შეხვდა და შემდეგ იქიდან სოხუმში გაემგზავრა. მისი ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ლუკაშენკო ბიჭვინთის სამთავრობო რეზიდენციაში შეხვდა.
“აფსნი პრესის” ინფორმაციით, ასლან ბჟანია ლუკაშენკოს მიესალმა და აღნიშნა, რომ 1996 წელს, დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე, სწორედ ლუკაშენკო შეეწინააღმდეგა ომის შემდგომი აფხაზეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის დაწესებას. თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან გუშინ გვიან ღამემდე იხილავდა აფხაზეთის საკითხს და ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება.
„გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან. გვიან ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ასევე მან ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში მისი ჩასვლა არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ ვითარებასთან.
„ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება.“ – განმარტა ლუკაშენკომ და გამოთქვა ინიციატივა, განიხილონ საკითხები, “როგორ გააუმჯობესონ ურთიერთობები.“
ბელარუსს არ აქვს აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თებერვალში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ “თუ საჭირო იქნება”. ივნისში აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდა ბელარუსის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიქტორ შეიმანი, ის ბჟანიას შეხვდა.