“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ.
ორგანიზაციის განმარტებით, კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას ამ ქვეყანაში “მწვანე შუქი” აქვს ანთებული.
TI კორუფციის რუკას წარმოადგენს, სადაც დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბოლო 10 წელიწადში, ჯამურად, 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან.
კორუფციის რუკა
● რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:
● კორუფციის რუკაზე ნახავთ პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ “ფეოდალებად“: ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ასევე ყოფილ დეპუტატებს – იოსებ მაკრახიძე, ენზელ მკოიანი, ჯუმბერ იზორია.
აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები, მათ შორის სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიის სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები.
● თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, დოკუმენტში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც პირადად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა კლანურ დაჯგუფებებთან.
● ე.წ. „კახური კლანის“ შემადგენელია კომპანია „სერპანტინი“, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებით 254 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. კომპანიას დღეს ხელმძღვანელობს კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, გიორგი ზედელაშვილი, რომელიც ყოფილ პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია.
● დიმიტრი თათეშვილის კომპანია „არალი“ ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებს ახორციელებს აბასთუმანში და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოების შემდეგ, მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებიდან 363 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.
● გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლის სახით მიიღო 335 638 719 ლარი.
“ამ და სხვა კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი ჩართულობა მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსებაში ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში.
კორუფციის რუკა პირველად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შევთავაზეთ საზოგადოებას. მაშინ დაჯამებულმა თანხამ 665 მილიონი ლარი შეადგინა. განვლილ 2 წელიწადში, ჩვენი რეგიონული ოფისების მიერ შესწავლილი სავარაუდო კორუფციული შესყიდვების ოდენობა თითქმის მილიარდნახევარი ლარით გაიზარდა.
ამდენად, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ.“ – ნათქვამია TI-ს კვლევაში.