სომხეთი, კორონავირუსი: „ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრ შემცირებას არ უნდა ველოდოთ“
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ „ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრ შემცირებას არ უნდა ველოდოთ“. არსენ ტოროსიანი საკუთარ პროგნოზს, პირველ რიგში, ეკონომიკური აქტივობით განმარტავს, უფრო ზუსტად, ამუშავებული ბიზნესების რიცხვის ზრდით.
ამას გარდა, კორონავირუსით ინფიცირების პიკის გადალახვის შემდეგ, კომენდატურამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც მისცეს. ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეებისა და უცხოელი ვიზიტორების მოსალოდნელი რიცხვი მედიკოსებს აშფოთებს. მინისტრის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში, დღე-ღამეში, მინიმუმ 250 შემთხვევა დაფიქსირდება.
ამის გამო, ხელისუფლებამ აზიის განვითარების ბანკთან საგრანტო შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც, სომხეთი კორონავირუსთან ბრძოლისათვის ორ მილიონ დოლარს მიიღებს.
• სომხეთი: კორონავირუსი მეღვინეებისა და მევენახეების წინააღმდეგ
კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შეფასება
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „მკურნალობის ორგანიზების თვალსაზრისით სიტუაცია მსუბუქი და მართვადია, პრობლემები არ შეინიშნება“. ქვეყანაში უკვე შეიქმნა საკმარისი რაოდენობის საავადმყოფოს საწოლები ინფიცირებულთა სამკურნალოდ, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებებში.
ამავდროულად, არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირების ტენდენცია შეჩერდა.
მისი თქმით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ – ვანაძორშია.
იქ მასობრივი ტესტირება ჩატარდა და ქალაქში არსებულ ორ ტექსტილის ფაბრიკაში, 200 ტესტიდან 50 დადებითი აღმოჩნდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების მიუხედავად, კვლავ სიფრთხილისა და ცხოვრების ახალი ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. სხვანაირად, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სიტუაცია ქვეყანაში, შესაძლოა, ხელმეორედ გაუარესდეს.
„ჩვენი პოლიტიკა ისეთი იყო, რომ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე. ჩვენ ამის უზრუნველყოფა მოვახერხეთ. ვიცით, რომ 100 ახალი შემთხვევიდან, 2-3 ადამიანი აუცილებლად დაიღუპება. ამიტომ, მოქალაქეებმა უნდა გაიღონ ძალისხმევა, რომ არ დაინფიცირდნენ“.
რას მოხმარდება აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული გრანტი
ორი მილიონი დოლარის გრანტით დაგეგმილია სამედიცინო აღჭურვილობისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ტექნიკის, ასევე, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებისა და ტესტების ჩასატარებლად საჭირო რეაგენტების შეძენა.
ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, აზიის განვითარების ბანკი პირველად არ ეხმარება სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში. მანამდე, ქვეყანამ მიიღო პორტატული ციფრული რენტგენის აპარატები და სისხლის ანალიზატორები.