"ხილული კავშირები რუსეთთან" - ანა ფოტიგამ ბრიუსელში კონფერენცია გამართა 
ანა ფოტიგამ ბრიუსელში კონფერენცია გამართა
“ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი” – ამ სახელწოდებით ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრმა, პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ 29 ნოემბერს ბრიუსელში კონფერენცია გამართა.
კონფერენციის მონაწილეებმა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და ღიად მიანიშნეს მათ რუსულ კავშირებზე. საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ისიც კი განაცხადა, რომ შესაძლოა გადაიხედოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერიმა, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა თორნიკე გორდაძემ, უკრაინის რადის წევრმა ოლექსი გონჩარენკომ და “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელმა უკრაინაში მამუკა მამულაშვილმა.
რა თქვეს კონფერენციის მონაწილეებმა
ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი:
“ევროპარლამენტის შიგნით ჩვენ გვაქვს მსგავსი სიტუაციის გამოცდილება მოლდოვაში. ჩვენ ძალიან გულახდილად წარმოვადგინეთ სიტუაცია, როდესაც ერთ ოლიგარქს ჰქონდა გავლენა მოლდოვაზე. მოლდოვაც და საქართველოს პატარა ქვეყნები არიან და მსგავსებაც ამაშია. ერთ ოლიგარქს, ერთ ადამიანს აქვს უდიდესი გავლენა საკუთარი ფულით ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ჩვენი შეშფოთება არის ხილული რუსული კავშირები, შეშფოთების საგანია, რომ არ არის ჩართულობა უკრაინის ხელისუფლებასთან, მათთან ვინც იბრძვის საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და პირიქით, კავშირებია სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან, ბიზნესმენებთან. რაც შეეხება საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ განცხადებებს, ეს აბსურდია.”
იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში:
“ამ ბოლო დროის განმავლობაში ნათლად ვხედავდით, უკან გადადგმულ ნაბიჯებს, ჩამოშორებას დასავლეთისგან, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია და ვისაუბრეთ სემინარის განმავლობაში ამაზე დღეს. ამ ტიპის გადადგმული ნაბიჯები უკან, როდესაც კომბინირდება ძალიან უხეშ თავდასხმაზე აშშ-ზე, ეს გახლავთ უპრეცედენტო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაიძულებს ეს, რომ ვიფიქროთ, ხომ არ უნდა გადავხედოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხს და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ანტიდასავლური ტრენდი, რომელიც აფერხებს საჭირო რეფორმების განხორციელებას და ამ ტიპის პირადული თავდასხმები აშშ-ზე ამას გვაფიქრებინებს.”
დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 2008-2009 წლებში:
“საქართველოს აქვს უფლება, საკუთარი მომავალი თავადვე შეარჩიოს. ქართველები და საქართველოს მთავრობა ვალდებულია დადგეს უკრაინის მხარდამხარ, ქართველი ხალხი ასე იქცეოდა, საქართველოს მთავრობა – არა. შესაბამისად ისიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას გამარჯვებაში. ეს იქნება სარგებელი არამხოლოდ რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, არამედ თვით საქართველოსთვისაც.”
ოლექსი გონჩარენკო, უკრაინის “რადის” წევრი:
“ბიძინა ივანიშვილს მარტივად შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის გაკეთება. პირველი, მან პარლამენტს უნდა მისცეს უფლება, გამოაცხადონ რუსეთი, როგორც ტერორისტი სახელმწიფო და გააჟღერონ ეს მსოფლიო ასპარეზზე. მსურს მოგახსენოთ, რომ ევროკომისიამ, NATO-მ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ჩეხეთმა, მათ ეს უკვე გააკეთეს და ასევე ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს, ევროკავშირის ქვეყანა გახდეს და მეც მსურს, საქართველო ვიხილო ევროკავშირის წევრ ქვეყნად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს გსურთ, იგივე პოზიცია უნდა დაიკავოთ, რაც ევროპას აქვს.
აჩვენეთ პარლამენტს, რომ თქვენ ამ მხარეს დგახართ. ხვალ მიიღეთ გადაწყვეტილება და გამოაცხადეთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, გააკეთეთ ეს ღიად და გეტყვით მადლობას და რა თქმა უნდა, დავინახავ, რომ სწორ მხარეს დგახართ. მიეცით უკრაინას შეიარაღება, როგორც ჩვენ მოვიქეცით 2008 წელს. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს, რომ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. საქართველო წყვეტს ამას, მაგრამ 2008 წელს, როდესაც საქართველოს დაესხნენ თავს, უკრაინა დაეხმარა საქართველოს იარაღით. თუ ბევრი არ გაქვთ, ერთი იარაღი მაინც მოგვეცით იმისთვის, რომ გვაჩვენოთ ოფიციალურად, რომ სწორ მხარეს დგახართ.
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მედიის შევიწროებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
2022 წლის 13 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.