პრეზიდენტი ხაზარაძეს და გახარიას გაერთიანებაზე "საბოლოო კონსულტაციისთვის" ორბელიანების სასახლეში იწვევს
ხაზარაძის და გახარიას გაერთიანება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში იწვევს.
ეს განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი მიესალმა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას და ასევე თქვა, რომ გაერთიანებაზე მზაობა გიორგი გახარიას მხრიდანაც არსებობს.
პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ის მზად არის მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუწყოს, როგორც ნეიტრალურმა მხარემ.
“ფორმულას” ეთერში მამუკა ხაზარაძემ არ გამორიცხა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე მსჯელობა.
“გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ რაღაც საკითხებზე, ეს არ არის რომ ვიჩხუბეთ და ა.შ. შესაბამისად, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც გიორგი გახარიას და ძალიან ბევრ რამეში ჩვენი ხედვები, თითქმის უმეტეს ნაწილში, ემთხვევა ერთმანეთს. მე ამას ვუყურებ სხვანაირად – ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის?
ეს [გაერთიანება] სინერგიას მოგვცემს? არანაირი პიროვნული ამბები არ არსებობს, არსებობს სინერგიას გვაძლევს ეს თუ არა და არსებობს თუ არა პრინციპული საკითხების გარშემო შეთანხმება. ეს ეხება მიიღებს თუ არა ამ საუბარს ჩვენი ამომრჩეველი.” -თქვა ხაზარაძემ.
“საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად.
ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონ ბიძინა ივანიშვილი.
ამიტომ, 26 ოქტომბერი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე. ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენიც საჭირო იქნება, ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე – ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს.
დღეს არჩევანი ერთია, ან ევროპა ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ყველასი. ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.