საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. კარვების კანონს ვეტოს დაადებს
კარვების კანონი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს ვეტოს დაადებს.
“საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.
როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
● საქართველო: ახალი წესები მომიტინგეებისთვის – მანიფესტაციაზე კარვის გაშლა იკრძალება
● “უკიდურესად შემაშფოთებელია” – ჰერჩინსკი რუსულ ბაზაზე, ე.წ. კარვების კანონზე და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
● პარლამენტმა ე.წ კარვების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
5 ოქტომბერს პარლამენტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.
“ოცნების” დეპუტატები აცხადებენ, რომ ცვლილებების აუცილებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 18 სექტემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების მოწყობა“ იგეგმება.