ჯანდაცვის სამინისტრომ 31 რესტორანი და 3 სასტუმრო 10 000 ლარით დააჯარიმა
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეკომენდაციების დარღვევისთვის 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 ღონისძიების ორგანიზატორი – კლუბი “მტკვარზე” და კომუნა “მზესუმზირა” 10 000 ლარით დააჯარიმა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
რესტორნები და სასტუმროები, რომლებიც 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო, 8 ივნისს გაიხსნა. ბევრ მათგანს მომხმარებელთა სიმცირის გამო თავის გატანა დღემდე უჭირს.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე 10 000-ლარიანი ჯარიმა ძალიან დიდი თანხაა და ამ თანხის მოსაგებად რესტორანმა სულ მცირე 4 თვე უნდა იმუშაოს.
„ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ჯარიმები მსოფლიოში, ასეთი მაღალი ჯარიმები არავის არ აქვს. ბიზნესი თითქმის გაკოტრებულია. რამდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ ვალი აიღოს და ობიექტი აამუშაოს, ამისთვის წინასწარ გაიარა ლიცენზიის აღების პროცედურა და ერთ ან ორ კვირაში კვლავ მიადგნენ ამ ხალხს და იმ პირობებზე, რაზეც ლიცენზია თავად ჰქონდათ მიცემული, თავადვე დააჯარიმეს. ეს არის ბიზნესის დაშინება. ბევრი ადამიანი, ვინ ფიქრობდა, რომ ვალს აიღებდა და ობიექტს გახსნიდა, გადაწყვიტა ვალი აღარ აიღოს და ობიექტი დატოვოს დახურული, რაც კარგი არ არის,“ – ამბობს ალავერდაშვილი.
10 000-ლარიან ჯარიმას აპროტესტებენ კლუბის “მტკვარზე” და კომუნას “მზესუმზირას” დამფუძნებლებიც.
• როგორ ცხოვრობს 800 კაციანი ქორწილების გარეშე დარჩენილი მარნეული
• NDI: გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს
ისინი ამბობენ, რომ ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის გათვალისწინებით ჩაატარეს და უწყებისგანაც ჰქონდათ გარანტია, რომ არ დაჯარიმდებოდნენ, თუმცა დადგენილებაში, რომელიც სამინისტრომ გამოსცა, ელექტორნული მუსიკა დასაშვები კულტურული ღონისძიებების სიაში შეტანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც მათ ჯარიმა დააკისრეს.
“მზესუმზირაში” აცხადებენ, რომ ღონისძიება 17 ივლისს გამართეს, რომელსაც წინ უძღოდა 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრა. შეხვედრის ინიციატორი თავად ჯანდაცვის სამინისტრო იყო, მიზანი კი არსებული რეგულაციების შემსუბუქება.
“ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეტანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი,” – აცხადებენ კომუნაში.
ასეთივე შინაარსის განცხადებას აკეთებს კლუბის – “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნია.
“დაჯარიმების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ივენთი, სადაც ელექტრონული მუსიკა იკვრება ან დიჯეი უკრავს, არ გაიყვანეს კულტურის და შემოქმედების სფეროში, გაიყვანეს გართობის სფეროში და, შესაბამისად, საერთოდ ივენთის ჩატარების უფლებაც არ გვქონია.
რას გვეძახდნენ ამ შეხვედრებზე და რას გვითანხმებდნენ მაშინ ამ რეგულაციებს, თუ ეს ჩვენ არ გვეხებოდა. რატომ დაგვახარჯინეს დამატებითი თანხები, რომ მოვრგებულიყავით ახალ წესებს? რატომ დაგვაკისრეს ამხელა ჯარიმა ისედაც გაკოტრებულ ბიზნესებს,” – ამბობს გაბუნია.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ცნობით, სასტუმროები, რესტორნები და ღონისძიებების ორგანიზატორები დისტანციის დარღვევის, სადეზინფექციო საშუალებების, სადეზინფექციო სამუშაოებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების დამადასტურებელი საბუთების არქონის გამო დააჯარიმეს.
“მზესუმზირა” და “მტკვარზე” ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.