ირაკლი ღარიბაშვილი: რთულია ითქვას, სად იქნება ევროპა უკრაინის ომის შემდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაზე
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რთულია ითქვას, რა მოხდება და სად იქნება ევროპა უკრაინის ომის შემდეგ.
ამასთან, ღარიბაშვილი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ 12 რეკომენდაციაზე პროგრესის მისაღწევად, “მზად ვართ”, საქართველოსთან ვიმუშაოთ.
“მე უნდა გავიმეორო, რაც თავიდანვე ვთქვი, ბატონებო: მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ, რომ ატომური ომის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს ექნებათ ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი მოლაპარაკების.” – ამბობს ღარიშვილი.
მისივე განმარტებით, “ომი გამოსავალი არ არის”, საქართველო კი პატარა ქვეყანაა:
“ჩვენი საკუთარი გამოწვევები გვაქვს, მაგრამ, რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისაა, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, რაც ძალაუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ, ვერც კეთილდღეობას ვერც სტაბილურობას.”
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ასე აფასებს:
“ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, არ გაგვიგია. მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები. სხვა არაფერს ჰქვია ღალატი, თუ არა ასეთი ტრიბუნის არ გამოყენებას შენი ქვეყნის ინტერესებისთვის.”
● პიტერ სტანო: ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში სანქციებს შეუერთდეს
● “ტექნიკური პროგრესი საკმარისი არ არის” – სერგი კაპანაძის მოსაზრება ევროკომისიის დასკვნაზე
● The Economist: დემოკრატიის ინდექსში საქართველო ჰიბრიდულ რეჟიმად რჩება
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 2002 წლის 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) კი 2022 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი აქტი მიიღო. საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს, რომ იზიარებს PACE-ის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან არ ეთანხმება ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.
17 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტს “უცხოური აგენტების” შესახებ მხარი არ დაუჭირონ.