The Economist: დემოკრატიის ინდექსში საქართველო ჰიბრიდულ რეჟიმად რჩება
დემოკრატიის ინდექსში საქართველო ჰიბრიდულ რეჟიმად რჩება
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Economist დემოკრატიის ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საქართველო გასულ წელთან შედარებით ერთი ადგილით დაწინაურდა და 91-ედან 90-ეზე გადაინაცვლა, თუმცა ქვეყანა კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოთა სიაში რჩება.
ჯამური ქულის მისაღებად შეფასებულია 5 მიმართულება: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები.
ყოველი კრიტერიუმი 10 ქულით ფასდება. ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ მთავრობის ფუნქციონირებაში მიიღო.
ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი – 7;
- მთავრობის ფუნქციონირება – 3.57;
- პოლიტიკაში მონაწილეობა – 6.11;
- პოლიტიკური კულტურა – 3.75;
- სამოქალაქო თავისუფლებები – 5.59.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის ინდექსში ქვეყნები დაყოფილია ოთხ კატეგორიად: სრული დემოკრატია, დემოკრატია პრობლემებით, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. შეფასებულია 165 სახელმწიფო და 2 ტერიტორია.
საქართველო უკვე მრავალი წელია, დემოკრატიის ინდექსში ჰიბრიდულ რეჟიმად რჩება.
● საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა
● მედიების წინააღმდეგ კრიტიკული სარჩელების უმეტესობა ქართული ოცნებიდან შევიდა – TI
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
31 იანვარს გამოქვეყნდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ახალი კვლევა, სადაც ვკითხულობთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის. TI-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ ბოლო “10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს”.
კვლევაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. მაგალითად, TI-ს მიხედვით, ბოლო წლებში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მონიტორინგმა გამოავლინა სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა, რომლებიც გამოუძიებელი რჩება.
“ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” გამოქვეყნებულ მასალას “მანიპულაციურს” უწოდებს და აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა.