საქართველოში წლიური ინფლაცია 13.9 პროცენტია
ინფლაცია საქართველოში
ზედიზედ მეშვიდე თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. საქსტატის ახალი მონაცემებით, ქვეყანაში გასული წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.1 %, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა
წლიური ინფლაციის დაჩქარების მთავარი კონტრიბუტორი კვლავ გაძვირებული სურსათია. „საქსტატის” თანახმად, 2022 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:
- კომბოსტო – ზრდა 213%;
- ბუნებრივი აირის გადასახადი – 78.26%;
- ელექტროენერგიის გადასახადი – 73.79%;
- ნაგვის გატანის გადასახადი – 58%;
- წყლის გადასახადი – 57.37%;
- ქლიავი – 55%;
- ლურსმანი – 53.1%;
- თერმომეტრი – 43.1%;
- ბენზინი – 37%;
- ბადრიჯანი – 36.4%.
ბოლო 1 წელში ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები კი შემდეგია:
- თვითმფრინავით მგზავრობა – 34%;
- მამაკაცის შარვალი – 21.2%;
- ტურისტული მოგზაურობა – 15.7%;
- მამაკაცის პერანგი – 14.7%;
- ქალის შარვალი – 14%;
- პირსახოცი -12.4%;
- ხახვი – 12.3%;
- ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი – 12.1%;
- ლიმონი – 9.5%;
- საბანი – 8.7%.
● საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, საშუალო ხელფასი კი 1,328 ლარია
● ურბანული ბაღჩა თბილისში
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას თქმით, მთავრობა მიმდინარე თვიდან ინფლაციის ტემპის შემცირებას ელოდება. მისივე განმარტებით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და საქართველოში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.
„ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, რაც არაერთხელ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. ეს მსოფლიო ტენდენციაა და საქართველო, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, ეს იყო გამონაკლისი პერიოდი, თუმცა მიმდინარე თვიდან უკვე ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებასა და შემცირებას“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.