ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი, რომელიც გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად”, ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში. გარდა ამისა, Human Rights Watchწერს, რომ კანონპროექტი რუსეთის “უცხოეთის აგენტების” კანონის მსგავსია.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება იმ საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით.
ორგანიზაციის განმარტებით, საერთაშორისო სამართლით, დაშვებულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა, ეს “კანონპროექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნებისმიერ ლეგიტიმურ ჩარევას ამ უფლებებში”.
HRW ასევე მიიჩნევს, რომ “პარლამენტმა უნდა ჩააგდოს” კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე და მთავრობამ “უნდა უზრუნველყოს” შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები და პოლიციის მიერ “ძალის გადამეტების” ყველა სავარაუდო შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება.
“ქართველი პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლები ფორმალურად იცავენ ამ კანონპროექტს იმით, რომ თითქოს ის უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, მაგრამ ისინი არ ფარავენ ამ კანონპროექტის რეალურ მიზანს. დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიის უცხოური ინტერესების მსახურებად გამოცხადებით, ისინი მიზნად ისახავენ ქვეყანაში იმ კრიტიკული ხმების მარგინალიზაციასა და ჩახშობას, რომლებიც ფუნდამენტურია ნებისმიერი ქმედითი დემოკრატიისთვის.” – აღნიშნავს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.
30 აპრილი, აქცია პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ/გიორგი გოგია/Human Rights Watch