„სომხეთი მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს“ - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოგრაბ მნაცაკანიანის განცხადება.
მნაცაკანიანის თქმით, ერევანი „ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანთან ტერიტორიების დათმობაზე არ წავა“, გაჯიევმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დარეგულირების პროცესს.
21 აპრილს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად ონლაინშეხვედრა გამართეს. მათ კიდევ ერთხელ განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ახალი არაფერი თქმულა, მაგრამ შეხვედრა მშვიდად წარიმართა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს სიტუაცია არ გაამწვავონ.
ამ შეხვედრის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც ისაუბრა მოლაპარაკებების ძველი ფორმატისა (ყარაბაღის, როგორც დამოუკიდებელი მხარის მონაწილეობის გარეშე) და კონფლიქტის ეტაპობრივად გადაწყვეტის შესახებ. დასაწყისისთვის ის მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული რაიონების გათავისუფლების ინიციატივით გამოდის, რომლებიც სომხეთის კონტროლქვეშაა.
სწორედ ამის საპასუხოდ განაცხადა მნაცაკანიანმა, რომ ეს რაიონები ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.
„ასეთი დესტრუქციული განცხადებები ერევნის მხრიდან სერიოზულ დარტყმას აყენებს მოლაპარაკებების პროცესს და ანგრევს მას. ასევე, ეს თანათავმჯდომარეების მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებაა“, – მიაჩნია ჰიქმეთ გაჯიევს.