ჰააგამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით 3 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა
ჰააგამ 3 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებზე – რომლებიც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეები არიან – ძებნა გამოაცხადა.
ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დააკმაყოფილა 2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობითი მიმართვა, გაეცათ ომის დამნაშავეების დაკავების ორდერი.
ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს გენერალური პროკურატურა. უწყება აღნიშნავს, რომ დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.
შესაბამისად, ძებნა გამოცხადდა:
● მიხაილ მაირამის ძე მინძაევი, რუსეთის მოქალაქე, დაბადებული 1955 წლის 28 სექტემბერს ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში; რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი მაღალი თანამდებობის პოლიციელი, 2005 წლიდან 2008 წლის 31 ოქტომბრამდე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი – ბრალად ედება 2008 წლის 8-27 აგვისტოში ჩადენილი ომის დანაშაულები, კერძოდ, უკანონო დაპატიმრება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.
● გამლეტ გუჩმაზოვი, რუსეთისა და სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წლის 9 ივლისს, ცხინვალის რეგიონში; ციხის იზოლატორის უფროსი 2008 წლის ომის დროს – ბრალდებულია 2008 წლის 8-27 აგვისტოს შუალედში ჩადენილ ომის დანაშაულებში: უკანონო დაკავებაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, პიროვნული ღირსების შელახვაში, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.
● დავით გიორგის ძე სანაკოევი, დაბადებული 1976 წლის 14 დეკემბერს ცხინვალში; ე.წ. ომბუდსმენი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს – ბრალდებულია ომის დანაშაულებში, კერძოდ, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.
საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს.
პროკურატურის განმარტებით, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში. მათი თქმით, პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია.
“ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.” – აღნიშნულია განცხადებაში.
2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ″.
სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების დაწვა და განადგურება.