გვახსოვს "გავრილოვის ღამე"- ვიდეო ბლოგების სერიიდან "პროტესტი საქართველოში"
გაზიარება
გაზიარება
შვიდი წელი „გავრილოვის ღამიდან“
„გავრილოვის ღამიდან“ შვიდი წლის თავზე, ტრადიციული „შაბათის მარში“ 2019 წლის 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.
პროტესტის 571-ე დღეს მსვლელობა ფილარმონის შენობასთან დაიწყო და პარლამენტის წინ მიმდინარე უწყვეტ აქციას შეუერთდა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.
2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში რუსი მართლმადიდებელ-კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ყოფნის გამო დაწყებული მიტინგი ხელისუფლებამ სპეცრაზმის მეშვეობით – წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.
200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა – 18 წლის მაკო გომურმა და 26 წლის გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს – მათ რეზინის ტყვიები თვალში მოხვდათ.
გიორგი გახარია, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო, ამჟამად ემიგრაციაშია და 20 ივნისის საქმეზე მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ერთ წელზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.