გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, მოქალაქეები სავარაუდოდ C ვიტამინით აცრეს
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, მოქალაქეები სავარაუდოდ C ვიტამინით აცრეს. ამჟამად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ხოლო მედპერსონალი კლინიკიდან გაიქცა.
კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს მოქალაქეს, რომელიც აიცრა, გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის ვაქცინის ნაცვლად სხვა პრეპარატი გაუკეთეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, აცრაში მათ 75 ლარი წინასწარ, ონლაინ ჰქონდათ გადახდილი.
როდესაც პაციენტმა მოითხოვა განმარტება, თუ რა პრეპარატით აცრეს, მედპერსონალისგან უარი მიიღო. თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეძლო უჯრების გახსნა, სადაც C ვიტამინის გახსნილი ამპულები აღმოჩნდა. ამასთან, ის ამბობს, რომ კლინიკაში ერთჯერადი გამოყენების ნემსებს რამდენჯერმე იყენებდნენ.
“ჩემს თვალწინ მინდოდა გაეხსნათ ეს წამალი. ექიმმა გვითხრა, გარეთ დაგველოდეთო და დაველოდეთ. შემდეგ შევედით, აგვცრეს. ბავშვს ძლივს გაუკეთეს აცრა, რომ გამოვედი ხელი ამეწვა და ამ ვაქცინას ასეთი უკუჩვენება არ აქვს. შევბრუნდი, ნემსი მომეცით-მეთქი და გაგვიკეთეს ინსულინის შპრიცით, რითაც ეს არ კეთდება. ეს შპრიციც არის მეორადი, წებოებიც ეტყობა”, – ამბობს მოქალაქე.
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ვიდეოც, რომელიც ადგილზე მყოფმა პაციენტმა გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაასაჯაროვა. ვიდეოში ჩანს, რომ კლინიკიდან ექიმები გაიქცნენ და ამჟამად კაბინეტი ცარიელია.
მოქალაქე, თათა დვალიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ვაქსიგრიპზე (სეზონური გრიპის ვაქცინა) ჩაწერა შვილი და დედა, თუმცა, მალევე აიღო ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ ანახეს:
“როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი ჩავარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე, ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს რომ აცრეს ც ვიტამინით”, – წერს დვალიშვილი.
კიდევ ერთი მოქალაქის თქმით, 75 ლარი წინასწარ ჩარიცხა, თუმცა ასაცრელად მისულს, ადგილზე პოლიცია დახვდა.
● “პროგნოზი არ არის საიმედო” – რა ითქვა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ
● თენგიზ ცერცვაძე: როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან
● საქართველოში 50 წლის ზემოთ მოქალაქეებს მესამე დოზით აცრიან. ვის ეკუთვნის “ბუსტერი”