“გირჩი” არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის ავტომობილ TESLA-ს გაათამაშებს
პოლიტიკური პარტია “გირჩი” არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის ავტომობილ TESLA-ს გაათამაშებს. “გირჩი” ავტომობილს იმ შემთხვევაში იყიდის, თუ პარტია პარლამენტში მოხვდება და სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს.
“გირჩი არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ TESLA-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „გირჩი“, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება და მით მეტი TESLA გათამაშდება”, – ამბობს ჯაფარიძე.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
- საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. ყველა დეტალი ახალ საარჩევნო სისტემაზე
ამჟამად მოქმედი კანონით, პირველი 50 ათასი ხმის მიღების დროს პოლიტიკური პარტია ბიუჯეტიდან თითო ხმისთვის 15 ლარს იღებს, ყოველი შემდეგი ხმისთვის კი – 5 ლარს.
“გირჩის” ლიდერის განცხადებით, თუ პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იან ბარიერს გადალახავს და პარლამენტში მოხვდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების გაუქმებას მოითხოვს.
“გირჩში” ამბობენ, რომ გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა, ამისთვის რამდენიმე პირობის შესრულებაა საჭირო: გათამაშებაში მონაწილეობის მსურველი პარტიის საიტზე უნდა დარეგისტრირდეს და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანთან ფოტო გადაიღოს ისე, რომ უბნის ნომერი გამოჩნდეს (იმის დასტურად, რომ არჩევნებზე იყო მისული) და შემდეგ ეს ფოტო ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ატვირთოს.
როგორც “გირჩში” აცხადებენ, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას და კანდიდატს მისცემს ხმას ამომრჩეველი. პარტიისთვის მთავარია, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს.
“გირჩისთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს, ახალი ცვლილებების მიხედვით ჩატარებულ არჩევნებში მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული გათამაშება,” – აცხადებენ პარტიაში.