გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე პროკურატურას მიმართა
გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე პროკურატურას მიმართა და გამოძიება მოითხოვა. საქმე ეხება მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს, თითქოს ექსპრემიერი გახარია კოკაინის მომხმარებელია.
პროკურატურაში განცხადება დღეს, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს.
ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ თავად “სუფთაა” და სხვა კანდიდატებსაც ნარკოტესტის გაკეთებისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერები გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდნენ, რის გამოც, ყოფილმა პრემიერმა ტესტის ჩაბარება ევროპის ლაბორატორიაში გადაწყვიტა.
17 სექტემბერს გახარიას პარტიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გაასაჯაროვა. მათი ცნობით, ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში 2021 წლის 14 სექტემბერს და გიორგი გახარია ნარკომომხმარებელი არ არის.
მიხეილ დაუშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კობახიძის ბრალდებები არ დადასტურდება, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. რასაც ეს ადამიანები გვაბრალებენ დანაშაულია. ამას სჭირდება გამოძიება”, – თქვა მიხეილ დაუშვილმა.
● რეფერენდუმი, კოკაინი და სისხლიანი ბანერები. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში
● ომბუდსმენის თქმით, გახარიასთან კავშირის გამო, ათობით ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან
● მესამე ძალა თუ ივანიშვილის სატელიტი? ვინ როგორ აფასებს გახარიას პოლიტიკაში დარჩენას
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ათობით ადამიანი სამსახურიდან შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. კერძოდ, ამ პერიოდში 62 დასაქმებულის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა.
მისი განმარტებით, ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, ხოლო 29 მაისს ახალი პარტია, “საქართველოსთვის” დააფუძნა.
გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, მისმა მხარდამჭერებმა დაიწყეს აქტიური საუბარი იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურებში დაიწყო რეპრესიები ექსპრემიერის კადრების წინააღმდეგ. საჯარო სამსახური რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა, მათ შორისაა ზუგდიდს ყოფილი მერი და საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში.