გერმანია თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის საკუთარი თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს პარლამენტის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, გერმანია 2022 წელს თავდაცვის ბიუჯეტს 100 მილიარდი ევროთი ზრდის.
“პუტინს სურს, შექმნას რუსეთის იმპერია. მისი თავიდან შექმნა სურს და არ ეშინია ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენების. რა შესაძლებლობები აქვს პუტინს და რა გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს დღეს და მომავალში?” – განაცხადა შოლცმა.
- Live: რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – განახლებადი ინფორმაცია
- უკრაინა, აშშ, რუსეთი, ირანი, ტაივანი: მსოფლიო ჯერარნახული კრიზისის წინაშე?
კანცლერის თქმით, გერმანიას სჭირდება მეტი ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებაში, რათა მათ დაიცვან საკუთარი თავისუფლება და დემოკრატია.
“ჩვენ გვჭირდება საჰაერო ხომალდები, გემები, მისიებისთვის იდეალურად გაწვრთნილი ჯარისკაცები. ამის გაკეთება შეუძლია ისეთ დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანას ევროპაში, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ შეიარაღებული ძალების სპეციალურ ფონდს.”
გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ქვეყანა თხევადი ბუნებრივი აირის ორი ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს, რათა ქვეყანაში გაიზარდოს ბუნებრივი გაზის რესურსები და შემცირდეს გერმანიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. შოლცის თქმით, გერმანიის მიზანია, მაქსიმალურად მოკლე დროში გაზარდოს ენერგიის განახლებადი წყაროები.
“ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა გადავლახოთ დამოკიდებულება ენერგიის ინდივიდუალურ მომწოდებლებზე. გასული რამდენიმე დღის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ პასუხისმგებლობიანი, მომავლის პერსპექტივის მქონე ენერგოპოლიტიკა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკისა და ბუნებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
შოლცმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობას 2 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდის. მისი თქმით, გერმანია ევროკავშირთან თანამშრომლობით საერთაშორისო ბაზარზე შეიძენს დამატებით ბუნებრივ აირს.