კორონავირუსის გამო, შესაძლოა, გარდაბნის ორი სოფელი დაიკეტოს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს.
გარდაბანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 23 შემთხვევა გამოვლინდა.
აქედან 14 შემთხვევაა ერთ სოფელში – ყარაჯალაშია გამოვლენილი.
სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.
გარდაბანში ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფია მობილიზებული. ისინი ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში მასობრივ PCR-ტესტირებას ატარებენ.
დღეს ამ სოფლებში კორონავირუსზე 700-მდე ადამიანი შემოწმდება.
ამ ტესტების პასუხებზეა დამოკიდებული, დაიკეტება თუ არა ეს ორი სოფელი.
- PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
- კარანტინი და ადამიანის უფლებები. საუბარი ანა არგანაშვილთან
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის სულ 1049 შემთხვევა გამოვლინდა.
მათ შორის 10 – გასული 24 საათის განმავლობაში.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 903 ადამიანი.
ინფიცირებულებს შორისაა 38 ქართველი ჯარისკაციც, რომლებიც ავღანეთში, ნატოს მისიაში მონაწილეობდნენ და იქ დაინფიცირდნენ. ჯარისკაცები საქართველოში უკვე ჩამოიყვანეს სპეცრეისით.