გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლების სამ სოფელში, ყარაჯალარში, ყარათაკლიასა და აღთაკლიაში – იქ, სადაც ბოლო რამდენიმე დღეში covid-19 37 ადამიანს დაუდასტურდა, ადგილობრივების დიდი ნაწილი ეპიდემიოლოგებთან არ თანამშრომლობს და კორონავირუსზე შემოწმებისთვის ნაცხის აღებაზე უარს ამბობს.
კოვიდინფქციის გავრცელების მაღალი რისკის გამო 21 ივლისიდან გარდაბანში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდაბნის სოფლებში მუშაობისას მათ თანამშრომლებს ადგილობრივების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ.
“არ მოდიოდნენ, არ მოგვყვებოდნენ რომ გამოკვლევები ჩატარებულიყო. გუშინ ერთ-ერთი სოფლის 340–მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ, მაგრამ ამ სოფელში ცხოვრობს 4000-მდე ადამიანი. გვყავდა 6 ბრიგადა, რომელსაც შეეძლო ათასი ადამიანის გამოკვლევა დღეში, მაგრამ არ გამოვიდა ხალხი,“ – ამბობს გამყრელიძე და დასძენს, რომ არ გამორიცხავს, რომ თუ “დამყოლობა” არ იქნება, ეს სოფლები ჩაიკეტოს.
გამყრელიძე გაჩიანის დასახლებაში კარანტინის შესაძლო გამოცხადების მიზანსაც განმარტავს:
„ადამიანები ამ სოფლებიდან მუშაობენ ბაზრობებზე – თბილისის, ლილოს, დიდუბის ბაზრობაზე და ინფექციის გატანის დიდი რისკი არსებობს“, – ამბობს ის.
გარდაბნის მოსახლეობას ეპიდემიოლოგებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც.
ეპიდემიოლოგებთან თანამშრომლობის მოწოდებამ არ გაჭრა – მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ და PCR-ტესტის გაკეთება საჭირო არ არის.
ამიტომ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან, 23 ივლისიდან გაჩიანის დასახლებაში ზომები გამკაცრდა – ყარაჯალარის, ყარათაკლიის და აღთაკლიის შესასვლელებთან სამართალდამცველები დგანან.
მათთან ერთად იმყოფებიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ეპიდემიოლოგებიც და სოფლებში ყველა შემსვლელს და გამომსვლელს თერმოსკრინინგი უტარდება. თერმოსკრინინგი ტარდება კარდაკარის პრინციპითაც.
საერთო ჯამში, 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1073 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 16 ადამიანი გარდაიცვალა, 911 კი გამოჯანმრთელდა.