SJC: FARA-ს გონივრული განმარტებით, მედია და NGO-ები კანონის რეგულირების მიღმა უნდა დარჩნენ
FARA-ს კანონპროექტი
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, FARA-ს გონივრული განმარტებით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის რეგულირების მიღმა უნდა დარჩნენ, ამის საწინააღმდეგოდ კი, “ქართული ოცნება” კანონს მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.
რა წერია SJC-ის შეფასებაში. მოკლედ
● ამ ორგანიზაციებს FARA-ს “აგენტის“ დეფინიცია ვერ მოერგება, რადგან ისინი დაფინანსების მრავალფეროვანი წყაროების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს – რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსებას. ამის მაგალითია ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირების წილი 5%-ზე ნაკლებია.
● გარდა ამისა, 1960-იანი წლებიდან კანონი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა: 1966-2015 წლებში იუსტიციის დეპარტამენტმა მხოლოდ 7 კრიმინალური საქმე აღძრა FARA-ს საფუძველზე. კანონის აქტუალობა კი 2016 წელს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდეგ გაიზარდა.
● FARA-ს მსუსხავ ეფექტსა და განჭვრეტადობაზე აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მსჯელობა არასდროს მოუწია, რაც განპირობებულია: 1) 1960-2016 წლებში კანონის ფაქტობრივად შეუსრულებლობით; 2) მისი ვიწრო რეგულირების სფეროთი და მიზნებით; 3) დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით; 4) გამოხატვის თავისუფლებისადმი პოლიტიკური და სამართლებრივი კონსენსუსით. საქართველოში კი, პირიქით, FARA-ს მტრულად განწყობილი პოლიტიკური გარემო, “მიტაცებული“ სასამართლო და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებისგან დაცლილი სისტემა ხვდება
● FARA-ს კანონის საქართველოში მიღების პროცესში გასათვალისწინებელია ერთი ფუნდამენტური საკითხი. ეს კანონი ამერიკული სამართალში, რომელიც პრეცედენტულ სამართლის სისტემას ეფუძნება, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად აღსრულდება, რომელიც სავალდებულოა და სამართლის წყაროს ძალა აქვს.
ჩვენს რეალობაში კი FARA-ს ტრანსპლანტაცია შეუძლებელია მხოლოდ კანონის ტექსტის კოპირებით, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებს და პრინციპებს
● იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება FARA-ს კანონის ამერიკული სასამართლო პრაქტიკის ლოგიკით გამოყენებას ასევე ზედმიწევნით შეეცდება, მაშინ აშკარაა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული, მაგრამ დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები FARA-ს ტიპის კანონის მოქმედებაში ვერ მოექცევიან.
● მიუხედავად რიგი საკანონმდებლო პრობლემებისა, რომლებიც FARA-ს პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების საშუალებას იძლევა, ცალსახაა, რომ კანონის მიზნობრივი განმარტების შემთხვევაში, მისი რეგულირების სფეროში საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვერ მოექცევიან.
● ამერიკაში FARA-ს ინსტრუმენტალიზებას, ერთი მხრივ, მისი რეგულირების ვიწრო სფეროსა და მიზანზე, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე ამერიკაში მაღალი პოლიტიკური და სამართლებრივი კონსენსუსი აზღვევს.
● გამოხატვის თავისუფლებაზე FARA-ს მსუსხავ ეფექტზე ამერიკის უზენაეს სასამართლოს მსჯელობა არ მოსწევია სწორედ ასეთი კონსენსუსიდან და დიდი ხნის განმავლობაში (1960-იანი წლებიდან 2016 წლამდე) კანონის აღუსრულებლობის ფაქტიდან გამომდინარე.ფაქტს, რომ საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა FARA-ს მიზანს არ წარმოადგენს, მოწმობს მისი გამოყენების ზოგადი პრაქტიკაც კანონის მიღებიდან დღემდე.
● ამის მიუხედავად, კანონის პრობლემური გამოყენების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, რაც კანონის ნორმატიულ პრობლემურობაზე მიანიშნებს და იურიდიულ წრეებში კანონის კრიტიკის საგანი ხდება.
● უზენაესი სასამართლოს საქმეები, რომლებიც FARA-ს ამა თუ იმ ასპექტს ეხებოდა, ადასტურებს, რომ FARA-ს ვიწრო მიზანი და რეგულირების სფერო აქვს, გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და როგორც აგენტები, სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
დასკვნა
● FARA კონკრეტული მიზნებისთვის მიიღეს აშშ-ში და ბოლო წლებამდეც, ერთეული შემთხვევების გარდა, ვიწროდ, კანონის მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა. FARA-ს რეგულირების სფეროს ვიწროდ ხედავს ამერიკის უზენაესი სასამართლოც და ამ საკითხზე იუსტიციის დეპარტამენტის ბოლოდროინდელი, 2024 წლის 12 მარტს გამოცემული, განმარტებებიც.
საქართველოს კონტექსტში FARA-ს განსაკუთრებული პრობლემურობა ვლინდება „ქართული ოცნების“ განზრახვაში, FARA-ს ანალოგი ინსტრუმენტად აქციოს იმავე შედეგების მისაღწევად, რისთვისაც ე.წ. „რუსული კანონი“ იქნა მიღებული
● „ქართული ოცნებისთვის“ FARA-ს მიღება მხოლოდ მექანიზმია კრიტიკულ აზრის მაწარმოებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და აქტივისტებზე ზეწოლის გასაზრდელად და, საბოლოოდ, მათი ხმების საჯარო სივრციდან გასაქრობად, რაზეც, თავად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებიც მიუთითებენ.
● ნიშანდობლივია, რომ FARA-ს ფართოდ განმარტების ტენდენცია ან/და, მასზე აპელირებით რუსული სტილის „აგენტების კანონების“ მიღება ადგილობრივი, იზოლირებული მოვლენა არ არის, და ის მემარჯვენე პოპულიზმის და ავტორიტარული მართვის მოდელის გლობალური გავრცელების ერთ-ერთი გამოვლინებაა.
● FARA-ს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება („ვეპონიზაცია“) სწორედ ის საფრთხეა, რომელიც ჩვენს კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა. თუ ე.წ. რუსული კანონი თავის მიზანს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კრიტიკული ადამიანების მისი მოქმედების ფარგლებში ექსპლიციტური ნორმატიული მოქცევით აღწევდა, FARA უცხო (პირდაპირი გაგებით) ნორმატიული რეგულირების ველი გაურკვეველი და ბუნდოვანი სამართლებრივი ზონაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ისე განმარტავს, როგორც მის პარტიულ ინტერესებს შეეფერება.
რომ შევაჯამოთ:
- FARA-ს მიღების შესახებ არსებული დისკუსიები და მისი იმპლემენტაცია რადიკალურად განსხვავებულ დროით, სახელმწიფოებრივ, იდეოლოგიურ და სოციალურ გარემოებებს დაეფუძნა;
- საქართველოში FARA-ს პირდაპირი კოპირების მიზანი მისი აისტორიული განმარტებების და სასამართლოზე მმართველი პარტიის ტოტალური კონტროლის პირობებში „რუსულ კანონზე“ უფრო მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ფორმების დაწესებაა;
- FARA, ერთეული შემთხვევების გამოკლებით, გამოიყენება ძალზე დავიწროებულად და პრაქტიკულად არ აქვს გავლენა საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების საქმიანობაზე;
- FARA-ს ბოლოდროინდელი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ანტიგარემოსდაცვით დღის წესრიგს უკავშირდება, რომელიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი საბოლოოდ სამართლებრივად არც დასრულებულა;
- აშშ-ს უზენაესი სასამართლო განმარტებები, მათ შორის, FARA-ს რეგულირების სფეროზე, ეჭვს არ ტოვებს იმის შესახებ, რომ ავტონომიურად მოქმედი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები FARA-ს მოქმედების ფარგლებს მიღმა რჩებიან;
- აშშ-ს უზენაესი სასამართლო დამატებით მყარ გარანტიებს ქმნის სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დასაცავად, რაც, მათ შორის, FARA-ს ინსტრუმენტალიზების რისკებს აზღვევს. FARA-ს სიტყვასიტყვით გადმოტანის მიზანშეწონილობაზე აპელირება, ასეთი გარანტიების არარსებობის პირობებში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება;
- „ქართული ოცნება“ ე.წ „რუსული კანონით“ უკვე არღვევს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებაზე, რის წინააღმდეგაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ უმოქმედია.
ქართული ოცნების დარეგისტრირებული FARA-ს კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე. პროექტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა FARA-ს კანონპროექტის ტექსტიც, რომელიც აშშ-ს იურისდიქციაში მყოფებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ არის ნახსენები საქართველო და გამოყენებულია ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ. უცხო ქვეყნად მოხსენიებულია აშშ-ს ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები.
პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა განიხილა FARA-ს ანალოგი და დაადგინა, რომ კანონის სტრუქტურა არ მიემართება არსებულ ნორმას, გამომდინარე იქიდან, რომ შეიცავს “მთელ რიგ შინაარსობრივ და სამართლებრივ” უზუსტობებს, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ს სამართლებრივ ურთიერთობებს და არ შეესაბამება საქართველოს სამართლებრივ სისტემას.