Amnesty International-ის წარმომადგენელი: დრაკონული კანონების ამ მასშტაბით მიმღები პარლამენტი არ მახსენდება
Amnesty International-ის წარმომადგენელი კანონებზე
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის რეგიონული დირექტორის, დენის კრივოშეევის თქმით, მას არ ახსენდება პარლამენტი, რომელიც მსგავს დრაკონულ კანონებს “ამ მასშტაბით, ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში ოღებდეს”, როგორც ამას “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტი აკეთებს. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
დენის კრივოშეევის თქმით, ისინი, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად ეპყრობა, პასუხი უნდა აგონ თავის ქმედებებზე.
დენის კრივოშეევი:
“იმის შერჩევაც კი რთულია, საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით, ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს.
საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, როგორც რაღაცას, რაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის არა
ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია, ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე ხდება.
ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტის და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას.
როდესაც ადამიანები ქუჩაში გადიან, მათ აქვთ უფლება იქ იყვნენ. პოლიცია და ხელისუფლება ამას განსხვავებულად უდგება. ისინი თავისი შეხედულებებით ასხვავებენ ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პროტესტს და როდესაც გადაწყვეტენ, რომ ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ, ამას ისე უდგებიან, როგორც უკანონო შეკრებას.
ადამიანების დაკავება ასეთ გარემოებებში შერჩევითია. ეს კანონის და ადამიანის უფლებების არსის საწინააღმდეგოა, მაგრამ პოლიცია ამას მაინც აკეთებს და აკეთებს სისასტიკით
ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაგროვონ ქუჩებიდან და მათ უხეშად ექცევიან. მათ, ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამ ბრძანებებს გასცემს პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება. ამგვარად, ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია. [გამოყენებულია ამერიკის ხმის სინქრონული თარგმანი].”
ვენეციის კომისიამ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში დრაკონულ და რეპრესიულ ცვლილებებზე კრიტიკული შეფასება 3 მარტს გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისიის შეფასების თანახმად, კანონპროექტები დაჩქარებულად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული.
“ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი აქციების ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით”. – აღნიშნავს კომისია.