ევროსასამართლო მაჩალიკაშვილის საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო პანკისში, 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა.
მაჩალიკაშვილების ოჯახის მთავარი მოთხოვნაა საქართველოს პროკურატურამ კვლავ დააბრუნოს მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმე გამოძიებაში.
● საქართველოს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე დახურა
● EMC: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს ფორმალურად და ილუზორულად იძიებენ
ოჯახის ინტერესებს სტრასბურგში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს.
ცენტრში ამბობენ, რომ საქმე გადამწყვეტ ფაზაში შედის – ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო პროცესი შეჩერდა.
სექტემბერში EMC-იმ სტრასბურგიდან საქართველოს მთავრობის პოზიცია მიიღო, ხოლო ორ თვეში -21 ნოემბერს მაჩალიკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგში მთავრობის პოზიციებზე საკუთარი დასაბუთებული პასუხი გააგზავნეს.
მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სტრასბურგის სარჩელში მიუთითებენ, რომ 19 წლის ბიჭის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი, მათ შორის, სიცოცხლის უფლება, წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა და ასევე სამართლებრივი დაცვის უფლება.
EMC-ი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება თვითნებურად შეწყდა, ოჯახისთვის ევროპული სასამართლო ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმად რჩება.
ცენტრს იმედი აქვს, რომ სტრასბურგი დააბრუნებს საქმეს გამოძიებაში:
„უფლების აღდგენის ყველაზე ეფექტიანი საშუალება საქართველოს მთავრობისთვის ეროვნულ დონზე საქმის ხელახალი გახსნის დავალდებულება იქნება, რაც საქმეზე ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ჩატარებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას გულისხმობს,“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
___________________________________
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა ადგილობრივი მკვიდრი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავში დაჭრა.
სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილების ოჯახში გვიან ღამე შეიჭრნენ, როცა ოჯახს ეძინა. თემირლან მაჩალიკაშვილს საკუთარ საძინებელში ესროლეს ისე, რომ მან ლოგინიდან ადგომაც ვერ მოასწრო.
სამართალდამცავთა მტკიცებით, თემირლანს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი და მას იმ მომენტში ესროლეს, როდესაც ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა.ყუმბარის არსებობას, ასევე კავშირს ტერორისტებთან კატეგორიულად უარყოფს ოჯახი.
სამართალდამცავებთან ასევე ბევრი კითხვა აქვთ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სახალხო დამცველსაც. მათი აზრით, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ წარმოადგინა თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება 2020 წლის იანვარში შეწყვიტა.
პროკურატურაში გაკეთებული განცხადების თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყდა.