ევროკავშირის ელჩი: მაქვს ინფორმაცია, რომ მედია ზეწოლის ქვეშაა
ევროკავშირის ელჩი მედიაზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რეგიონული მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მედია “ზეწოლის ქვეშაა”. მისივე თქმით, თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია, ხოლო მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, “განსაკუთრებით ახლა”, ამ ომის დროს.
“ეს ომი მხოლოდ უკრაინაში არ არის. რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი, არაფრით გამოწვეული სასტიკი და მზარდი აგრესია ასევე აღძრავს სხვა შიშებსაც, ვინაიდან ეს პროცესები დეზინფორმაციას, პროპაგანდასა და ინფორმაციით მანიპულირებას ეფუძნება და პროფესიონალურ დონეზეა შეფუთული, რაც შეუზღუდავი რაოდენობით ვრცელდება საზოგადოებაში.” – განმარტავს ჰერჩინსკი.
● სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები და მედიის თავისუფლება
● “არასწორ მხარეს დგახარ” – თბილისში ჟურნალისტ ვახო სანაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
● რატომ დააპატიმრეს ნიკა გვარამია. მოკლედ საქმის არსი და შეფასებები
ევროკავშირის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მედია უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასათვის, ვისაც ევროკავშირი მხარს უჭერს:
“ვაღიარებ, რომ სადაც მიწევს საჯაროდ გამოსვლა [საქართველოში] ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერასა და მიკროფონს ვხედავ, ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედიაგარემო, თუმცა, მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს არის მუდმივი ბრძოლა, განსაკუთრებით, მცირე მედია ორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ, რომ გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე.”