ენგურჰესი შეფერხებით მუშაობს. გამომუშავებულ ენერგიას მთლიანად აფხაზეთი მოიხმარს
ენგურჰესი შეფერხებით მუშაობს
წყლის სიმცირის გამო ენგურჰესი შეფერხებით მუშაობს, გამომუშავებულ ენერგიას [120 მეგავატს] კი მთლიანად აფხაზეთი მოიხმარს. ამის შესახებ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა.
„წყალსაცავში წყლის დონე დაბალია. ზღვის დონიდან დაახლოებით 415 მეტრი. სანამ წყლის ჩამონადენი არ მოიმატებს, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე ენგურჰესი გამომუშავებას ვერ გაზრდის. ამჟამად ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია, მთლიანად აფხაზებს მიაქვთ. რაც მათი მთლიანი მოხმარების დაახლოებით 28%-ია. 320 მეგავატი აფხაზებს რუსეთიდან შემოაქვთ. ჯამში, სადღაც 440 მეგავატს მოიხმარენ“, – ამბობს მებონია.
ენგურჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია და ერთადერთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტია – აქ მუშაობენ როგორც აფხაზები, ისე ქართველები. ელექტროენერგიაც ორი მიმართულებით ნაწილდება.
ამჟამად მხარეები ერთად მართავენ ჰესს და იყოფენ მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. თბილისსა და სოხუმს შორის არაფორმალური შეთანხმებით, სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს აფხაზეთი მოიხმარს, 60 პროცენტს კი – საქართველო. ზამთარში კი, როდესაც ცოტა წყალია, თითქმის მთელი ელექტროენერგია აფხაზეთში მიდის.
● აფხაზეთში მძიმე ზამთრისთვის ემზადებიან: დენი დღე-ღამეში 6-8 საათიც არ იქნება
● “არა ნამახვანჰესს!” რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
● საქართველოს მთავრობა ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის მოწყობას გეგმავს
აღსანიშნავია რომ ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი საქართველოსთვის კვლავ რუსეთი რჩება. 2021 წლის 11 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი 41.5%-ით გაიზარდა.
რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის გაზრდილ მოხმარებასაც უკავშირდება. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 909 მლნ კვტ.სთ სწორედ აფხაზეთზე მოდის.
აქამდე რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა.
ბოლო წლების განმავლობაში რუსული ელექტროენერგიის იმპორტი ასე იცვლებოდა:
● 2017 წელს საქართველომ რუსეთისგან 452.2 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რომლის წილიც მთლიან იმპორტში 30%-ს შეადგენდა;
● 2018 წელს რუსული ელექტროენერგიის წილი მთლიან იმპორტში მნიშვნელოვნად შემცირდა და 13.6% შეადგინა;
● 2019 წელს ელექტროენერგიის იმპორტის წილი 32% იყო.