ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი საქართველოსთვის რუსეთი რჩება
ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი საქართველოსთვის რუსეთი რჩება. 2021 წლის 11 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი 41.5%-ით გაიზარდა.
თუმცა, რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის გაზრდილ მოხმარებასაც უკავშირდება. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 909 მლნ კვტ.სთ სწორედ აფხაზეთზე მოდის.
როგორც ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება. მისივე განმარტებით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში საქართველომ სულ 1 მლრდ 798 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, საიდანაც დაახლოებით 61.6 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა. საქართველომ ამ პერიოდში აზერბაიჯანიდან 528.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, ხოლო თურქეთიდან – 161.2 მლნ კვტ.სთ.
გაზრდილია ასევე ელექტროენერგიის მოხმარებაც – 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ 25.4 პროცენტით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა.
● აფხაზეთში მძიმე ზამთრისთვის ემზადებიან: დენი დღე-ღამეში 6-8 საათიც არ იქნება
● “არა ნამახვანჰესს!” რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
● რა აჩვენა ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში გამართულმა აქციებმა? ექსპერტების მოსაზრებები
აქამდე რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა.
მაგალითად, 2020 წელს რუსული იმპორტის მაჩვენებელი 35%-მდე გაიზარდა, ხოლო უკვე მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილმა მთლიან იმპორტში 61% შეადგინა. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან საქართველო ყველაზე მეტ ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს.
ბოლო წლების განმავლობაში რუსული ელექტროენერგიის იმპორტი ასე იცვლებოდა:
● 2017 წელს საქართველომ რუსეთისგან 452.2 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რომლის წილიც მთლიან იმპორტში 30%-ს შეადგენდა;
● 2018 წელს რუსული ელექტროენერგიის წილი მთლიან იმპორტში მნიშვნელოვნად შემცირდა და 13.6% შეადგინა;
● 2019 წელს ელექტროენერგიის იმპორტის წილი 32% იყო.
აღსანიშნავია, რომ “ნამახვანიჰესის” აშენების შემთხვევაში იგი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული პროექტი იქნებოდა. პროექტი თურქეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას უნდა განეხორციელებინა და მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა თურქულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ქართულ მხარესთან კონტრაქტი გაწყვიტა.