ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლოზე მოწმეებმა აშშ, USAID და CIA "მტრულ ძალებად“ დაასახელეს
ე.წ. საბოტაჟის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მოწმის სახით გამოიკითხნენ ხელისუფლების სატელიტი პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოწმეებმა სასამართლოს წინაშე განაცხადეს, თითქოს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში განვითარებული საპროტესტო აქციები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
საქმე რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარეობს და მათ ბრალად, სხვა მუხლებთან ერთად, საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ედებათ.
ჯაფარიძის თქმით, ეს შეფასება მოწმეებმა სასამართლოში არაერთხელ დაადასტურეს. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოწმემ USAID ნაცისტურ გერმანიას შეადარა და განაცხადა, რომ ორგანიზაციის სიმბოლოების შენობებიდან მოხსნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტური სიმბოლიკის დემონტაჟს ჰგავდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, მოწმეებმა ასევე განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტიები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები აშშ-ის მიერ დაფინანსებული „აგენტურული ქსელის“ ნაწილს წარმოადგენენ.
ჯაფარიძის თანახმად, სასამართლოზე ასევე გაჟღერდა მოსაზრებები, რომ უკრაინაში მაიდნის მოვლენები ამერიკელი ოფიციალური პირების ორგანიზებული იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები კი „მაკკეინის ინსტიტუტის გეგმის“ ნაწილია.
მისივე ინფორმაციით, მოწმეებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) და CIA „მტრულ ორგანიზაციებად“ მოიხსენიეს, ხოლო საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი „ამერიკის აგენტად“ დაახასიათეს.
ჯაფარიძის თქმით, სასამართლოზე ასევე ითქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში არც ერთ მხარეს არ უჭერენ მხარს, ხოლო საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა არ ნიშნავს, რომ სისტემა მთლიანობაში არ უნდა სარგებლობდეს ნდობით.
ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი შინაარსის ჩვენებების მოსმენა და სვამს კითხვას, იზიარებს თუ არა პროკურატურა ამ პოზიციებს.
სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ. მისი თქმით, სასამართლოში წარმოდგენილი ჩვენებების მიხედვით, საქმეში აშშ „მტრულ ძალად“ არის წარმოჩენილი.
ადვოკატის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ „აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერები და თანამოაზრეები“ არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი.
ე.წ. საბოტაჟის საქმე
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 2025 წლის 6 ნოემბერს დაიწყო. ბრალდებები წარედგინათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
პროკურატურა მათ საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
ბრალდებულები და მათი დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.
ადვოკატები ადრე აცხადებდნენ, რომ საქმის მასალებში ნათლად არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი მტკიცებულება რომელ ბრალდებულს უკავშირდება. მათი შეფასებით, ეს გარემოება დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას ართულებს.
სატელიტი პარტია და მისი მესიჯი
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პროსამთავრობო პოლიტიკური პარტიაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა. პარტია შექმნეს ხელისუფლების ყოფილმა მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა, მათ შორის ვატო შაქარიშვილმა, ნანა კაკაბაძემ, ლევან ნიკოლეიშვილმა და სხვებმა.
პარტია აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს „ნეიტრალურ“ საგარეო პოლიტიკას, თუმცა მისი საჯარო განცხადებები ხშირად ემთხვევა მმართველი პარტიის და კრემლის ოფიციალურ ნარატივებს. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგულარულად აკრიტიკებს დასავლეთის ქვეყნებს, აშშ-ს, ევროკავშირს, NATO-ს, USAID-სა და დასავლურ ფონდებს და ამტკიცებს, რომ ისინი საქართველოში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ცდილობენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პარტიას ხშირად „ქართული ოცნების“ სატელიტურ ან პრორუსულ პოლიტიკურ ძალად მოიხსენიებენ. თავად პარტია ამ შეფასებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება.