ჟურნალისტი _ სახიფათო პროფესია
ბრძოლა ინფორმაციის წყაროს დასაცავად
2015 წლის შემოდგომაზე სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუცუო სასამართლო იძულებული გახდა, დაედასტურებინა უფლება მასმედიის ინფორმაციის წყაროთა გაუთქმელობის შესახებ. ამის მიზეზი გახდა საქმე, რომელიც 2014 წლიდან სომხეთის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განიხილებოდა. პოლიციის გამომძიებელი გაგიკ ბეგოიანი მოითხოვდა, რომ გაზეთ „რაპარაკს“ და საინფორმაციო პორტალს ilur.am მოპოვებული ინფორმაციის წყაროები დაესახელებინათ.
2014 წლის 9 მაისს “რაპარაკმა“ და საიტმა ilur.am გამოაქვეყნეს შირაქის საოლქო პოლიციის სამმართველოს უფროსს ვარდან ნადარიანსა და სპორტსმენ ძმებს _არტურ და რაფაელ ალექსანიანებს შორის მომხდარი უთანხმოების დამადასტურებელი მასალა. პუბლიკაციის მიხედვით, პოლიციის მაღალჩინოსანი რაფაელს თავში პისტოლეტის ტარს ურტყამს, არტურს კი ლულას უმიზნებს.
პოლიციის გამომძიებელმა, რომელიც პოლიციელის უკანონო ქმედებების საქმეს იძიებდა, რედაქციას სამი ინსტანციის სასამართლო პროცესი მოუგო. მოსამართლეების გადაწყეტილებით, ჟურნალისტებს ინფორმაციის წყაროები უნდა გაეთქვათ.
სომხეთის კანონმდებლობა ინფორმაციის წყაროს დაცვას უზრუნველყოფს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევებში დაიშვება, როდესაც საქმე მძიმე დანაშაულს, ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას ეხება. ასეთ დროს სასამართლო უფლებამოსილია, აიძულოს ჟურნალისტი, რომ ინფორმაციის წყარო დაასახელოს. პოლიციელსა და სპორტსმენებს შორის მომხდარი შეხლა–შემოხლა ასეთ შემთხვევებს არ განეკუთვნება.
ადვოკატი არა კაზარიანი იმ იურისტთაგან ერთ-ერთია, რომელმაც ეს საქმე საკონსტიტუციო სასასამართლოში წარადგინა.ის ამბობს, რომ ‘ამგვარ ორდინალურ შემთხვევებში საქმის ჩვეულებრივი მეთოდებით გახსნას უნდა ცდილობდნენ, და ჭეშმარიტებას მასმედიის ინფორმაციის წყაროების გამხელის ხარჯზე არ უნდა ადგენდნენ. წყაროს ერთხელაც თუ გათქვამენ, სომხურ მედიასივრცეს ეს გზა გადაეკეტება, და ჟურნალისტები ისეთ ინფორმაციას ვეღარ მოიპოვებენ, რის მოძიებასაც ჩვეულებრივი საშუალებებით ვერ ახერხებენ’.
პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა იქამდე მივიდა, რომ საინფორმაციო პორტალის iLur.am-ის რედაქტორის, ქრისტინე ხანუმიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ინფორმაციის წყაროს დაფარვის ბრალდებით. საქმეში ჩაერთო ეუთოს წარმომადგენელი, დუნია მიატოვიჩი,რომელიც მასმედიის თავისუფლების საკითხებს კურირებს.მიატოვიჩმა განაცხადა, რომ წყაროს გამხელის იძულება პრესის თავისუფლებას გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს. მისი თქმით, ინფორმაციის წყაროთა ანონიმურობის დაცვა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარეობს.
საბოლოო ჯამში, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.
თავად ქრისტინე ხანუმიანი, რომელიც ოპოზიციურ ვებგვერდის რედაქტორია, აღნიშნავდა, რომ მზად იყო, ციხეშიც ჩამჯდარიყო, რადგან ინფორმაციის წყაროს გათქმას არ აპირებდა.
‘ჩემი დაპატიმრება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის საუკეთესო პრეცედენტი იქნებოდა, რის შემდეგაც მედიასაშუალებების ნახევარს მაინც თვითცენზურა ჩაერთვებოდა _ ანუ, ჩემი მაგალითის გავლენით, ბევრ ჟურნალისტს თავისუფლად წერის შეეშინდებოდა’.
თავდასხმა ჟურნალისტებზე
2015 წელი სომხეთში #ElectricYerevan-ის წლად იქცა. ასე ეწოდებოდა მოძრაობას ელექტროენერგიის ფასების ზრდის წინააღმდეგ, რომელიც 19 ივნისიდან 6 ივლისამდე გრძელდებოდა.
#ElectricYerevan-მა განსაკუთრებული ძალა 23 ივნისს შეიძინა, როდესაც დილის ექვს საათზე პოლიციელებმა ბაგრამიანის პროსპექტზე შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებიც გზას კეტავდნენ, წყლის ჭავლით დაარბიეს. ამ შტურმის დროს პოლიციელების სამიზნედ იქცნენ არამხოლოდ დემონსტრანტები, არამედ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ.
სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის მონაცემებით, პოლიციელები 14 ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. იმავე წყაროს ცნობით, სამართალდამცავებმა 20-ზე მეტ მედიასაშუალებას პროფესიულ საქმიანობის შესრულებაში შეუშალეს ხელი.
‘თუმანიანის ძეგლთან გადაღებებს ვასრულებდი, როდესაც ვიღაცამ მარცხნიდან ხელი გამოიწოდა და ფოტოაპარატის წართმევა დამიპირა, იქით მივბრუნდი, მაგრამ ახლა მეორე მხრიდან ჩამავლეს ხელი. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები იყვნენ. მაგრად მივიკარი გულზე კამერა და მიწაზე დავჯექი’,_ ამბობს „პანფოტოს“ ჟურნალისტი, კარაპეტ სააკიანი.
პოლიციელებმა ფოტოჟურნალისტს კამერა წაართვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
ilur.am-ის ჟურნალისტი აკოფ კარაპეტიანი ჰყვება, რომ პოლიციელები მას დიდი დრო დაუთმეს, რადგან სომხეთის პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, უნან პოღოსიანმა პირადად გასცა ბრძანება, აკოფისთვის კამერა ჩამოერთმიათ.
კარაპეტიანმა აღნიშნა: ‘როდესაც კამერაში მეხსიერების ბარათი ვერ იპოვეს, ჩემს ჩხრეკას შეუდგნენ. პოღოსიანმა ბრძანა, რომ ბარათი ჩამოერთმიათ, კამერა კი ჩემთვის დაებრუნებინათ. ბარათთან დაკავშირებით მითხრა: „მოხვალ განყოფილებაში და სუფთა „ჩიპს“ წაიღებ’.
3 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალურმა სამსახურმა ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წინასწარი საგამოძიებო პროცედურის შედეგად დაზარალებულად 31 ადამიანი ცნეს, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით არც ბრალდებულები გამოუვლენიათ, და არც _ ეჭვმიტანილები.
ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მეორე ტალღა სომხეთში რეფერენდუმის ჩატარების დღეს, 6 დეკემბერს აგორდა. სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე და სააგიტაციო შტაბების სიახლოვეს რეფერენდუმის გასაშუქებლად მომუშავე ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები აღინიშნა. მედიის წარმომადგენლებს კამერებს უმტვრევდნენ და მოითხოვდნენ, საარჩევნო უბნები დაეტოვებინათ.
აღრიცხულია ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისა და მათთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის ათობით შემთხვევა. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.
სომხეთში უკვე მწარე სინამდვილედ და ტრადიციად იქცა პოლიტიკურ ღონისძიებებში ქუჩის ავტორიტეტებისა და სხვა კრიმინალების ჩართვა,რომლებსაც ამქვეყნად თითქოს არაფერი ზღუდავთ. ეს ადამიანები ჟურნალისტების, ნდობით აღჭურვილი პირების ან დამკვირვებლების აქტიურ საქმიანობას საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის საფრთხედ აღიქვამენ და სწორედ ამ დაუშვებელ მეთოდებს მიმართავენ. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ მოეღება ბოლო, როდესაც ასეთ ადამიანების დასჯას დაიწყებენ’, _ განაცხადა „ერევნის პრესკლუბის“ პრეზიდენტმა ბორის ნავასარდიანმა.
ჟურნალისტებზე ძალადობით გახმაურებული 2015 წლის ექოს აუცილებლად გაიგონებენ 2016–ში, როდესაც ავტორიტეტული ორგანიზაციები პრესის თავისუფლების ინდექსებს გამოაქვეყნებენ.
‘frededom House’–ის მოხსენების _’პრესის თავისუფლება 2015’–ის მიხედვით,სომხეთი 61 ქულით არათავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების სიაშია.ეს მაჩვენებელი 2014 წლის მონაცემზე ერთი ქულით უკეთესია.ექსპერტების ვარაუდით,2016 წლის მაჩვენებელი უარესი იქნება,თუმცა უცნობია _ რამდენი ქულით.