"დიალოგი გაგრძელდება" - შარლ მიშელის შუამავლობით ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს შეხვდა
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდა. ამჯერად ის ევროპელი დიპლომატების შუამავლობით გაგრძელდება და შემდეგი რაუნდი, შესაძლოა, ბრიუსელში გაიმართოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის ჩატარების შესახებ მოულოდნელად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
”მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეამსუბუქონ ესკალაცია და გააერთიანონ ძალები, რათა შედგეს პოლიტიკური დიალოგი. დროა, ფასილიტაციიდან შუამავლობაზე გადავიდეთ. ვიმეორებ, დადგა დრო პოლიტიკური დიალოგისთვის.”
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო შეხვედრაში.
მოლაპარაკებაზე თანხმობა განაცხადა ოპოზიციამაც.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში
ოპოზიციიდან შეხვედრას ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ესწრებოდა, ხოლო ხელისუფლებიდან მხოლოდ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის რეზიდენციაშიც მხარეები შეიკრიბნენ, შეხვედრას არ დასწრებია.
შეხვედრას ასევე არ ესწრებოდა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც მანამდე, ფასილიტატორ ელჩებთან გამართულ ოთხრაუნდიან შეხვედრებზე ხელისუფლების მთავარი სპიკერი იყო.
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: პოლიტიკური პატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.
შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
“ამაყი ვარ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით”, – განაცხადა ოპოზიციურ პარტიებთან და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიშელმა.
მისი თქმის, ეს შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრა და აღარ არის რთული საკითხები, რომლებიც უნდა განიხილონ პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობასთან:
“მე როდესაც ვკითხე პოლიტიკურ პარტიებს, არის თუ არა პოლიტიკური ნება მათი მხრიდან, რათა გამყარდეს პოლიტიკური დიალოგი იმ მიზნით, რომ ერთად ვიპოვოთ გამოსავლები, პასუხი იყო მკაფიო – დიახ.”
______________________________________________________
● პიკეტირება, აქციები, მარში პარლამენტთან – რას გეგმავს ოპოზიცია მარტის თვეში
● “საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში საფრთხის ქვეშაა” – ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარების განცხადება
___________________________________________________________
“გირჩი მეტი თავისუფლების” დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე განიხილება 6 საკითხი – მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხებიც.
ტელეკომპანია “ფორმულას” მოპოვებული ინფორმაციით, ეს საკითხებია:
1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა – რეფორმები დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საქართველოში;
2. კანონის უზენაესოება/სასამართლოს რეფორმა:
• უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი;
• იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნები;
• რეფორმები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად;
3. პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხის გადაწყვეტა/პოლიტიკური პატიმრების საკითხი;
4. უფლებამოსილებების გადანაწილება პარლამენტში:
• საგამოძიები კომისია;
• როლების და პასუხისმგებლობის სამართლიანად გადანაწილება პარლამენტში;
5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
6. ფასილიტაცია/მედიაცია;
პრემიერ-მინისტრის კომენტარი
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
მისი თქმით, დღევანდელმა შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა.
ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ ის და ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.
პრემიერმა გაახმოვანა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდებაც, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამონახოს საერთო ენა.
ღარიბაშვილისვე თქმით, გაერთიანება უნდა მოხდეს იმ საკითხებზეც, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.
“მექნება კონსულტაციები პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
______________________________________________________________
● პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?
________________________________________________________________
ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოხდა – გასულ კვირას დააპატიმრეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.
თბილისში ჩამოსულმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აწუხებს როგორც ევროკავშირს, ისე პირადად მას. ევროკავშირის სახელით, მან მხარეებს მოუწოდა იმუშაონ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.
თბილისში შარლ მიშელი შეხვდა პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.
ევროჩინოვნიკი თბილისში მოლდოვიდან, აღმოსავლეთევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. საქართველოდან იგი უკრაინაში გაემგზავრება.
__________________________________________________________________________
● ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობაა ევროკავშირში. ის ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელია საერთაშორისო არენაზე.
● ბელგიელი პოლიტიკოსი შარლ მიშელი ამ თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა. მანამდე მიშელი ხუთი წლის განმავლობაში ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო.
● ევროპული საბჭო (European Council) ევროკავშირის მთავარი პოლიტიკური ორგანოა. საბჭოს წევრები მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები არიან. ევროპული საბჭო არის ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის განვითარების მთავარ სტრატეგიას და პოლიტიკის გენერალურ ხაზს.