covid-19-ის 25 ახალი შემთხვევა საქართველოში, სულ - 456
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 132 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსი დაუდასტურდა 70 წლის ქალს აჭარაში. ის ქობულეთში ცხოვრობს და ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული.
ინფიცირებული თვითიზოლაციაში იყო და ოჯახის მხოლოდ ერთ წევრთან ჰქონდა კონტაქტი. ამჟამად ის კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა. შემოწმება 1 862-მა ადამიანმა გაიარა. კორონავირუსზე ამ დროისთვის 18 ადამიანის ანალიზი მოწმდება.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- ვის და რა შემთხვევაში შეუძლია მანქანით გადაადგილება – გამონაკლისების სია
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
ღვანკითში, სადაც 705 ოჯახი ცხოვრობს, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. სოფელი, მესამე დღეა, ჩაკეტილია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.